აჩი არველაძე: “მერი არ ვარ მე? რასაც მინდა ვსვამ, რასაც მინდა ვჭამ”
არჩილ არველაძემ თბილისში გახარიას პარტიიდან მის მერობის კანდიდატად დასახელებაზე უცნობის ეთერში ისაუბრა.
“არანაირი შეთავაზების მსგავსი არ ყოფილა. გახარიას შემთხვევით შევხვდით გურიაში, მერიაში რაღაც საქმე გვქონდა. დაინტერესდა, რატომ ვიყავით გურიაში, ვუთხარით, რომ მოცვის პლანტაციები გვქონდა ოზურგეთში და ძაან მინდა ნახვაო. წარმოგიდგენია, ყოფილი პრემიერ მინისტრი არ იყოს რაღაც დონეზე, ვიღაცისთვის პატივსაცემი, ვიღაცისთვის ნაკლებად, ვიღაცისთვის ძალიან პატივსაცემი, გეუბნება მაჩვენე რას აკეთებთო და კი ბატონო, დიდი სიამოვნებით თქო. ვაჩვენეთ, შემეკითხა რაღაცას, მერე მე შევეკითხე და ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. მანამდე პირადად არ ვიცნობდით. სოციალურ ქსელში ფოტოებიც გავრცელდა და როგორც ჩვევიათ, პირდაპირ მერად გამაქანეს. მერი არ ვარ მე? რასაც მინდა ვჭამ, როცა მინდა ვდგები, როცა მინდა ვწვები, რასაც მინდა ვსვამ, სადაც მინდა მივდივარ, სადაც მინდა მოვდივარ. გურიიდან თბილისამდე რამდენი სოფელიცაა 1-ის გამოკლებით, დავაკაკუნებ და გამიღებენ კარს და მეტყვიან, შემოდიო. არც მანამდე მნდომებია და არც ახლა მინდა პოლიტიკაში. როგორ შეიძლება მინდოდეს, როცა ასე ლანძღავენ ერთმანეთს, როგორი ზიზღით, როგორ შეიძლება მინდოდეს?”, – თქვა აჩიმ, რითაც საბოლოოდ გამორიცხა მისი მერის კანდიდატად დასახელება.
თბილისის მერობისთვის მოქმედი მერი, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, კახა კალაძე იბრძოლებს.