ადრიან გულა: “საქართველოს ნაკრების მიზანი ნათელი იყო”
სლოვაკეთის 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ადრიან გულამ საქართველოსთან გამართულ მატჩში მომხდარ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა.
როგორც იცით, ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები სლოვაკეთთან სტუმრად 3:2 დამარცხდა. დამატებით წუთებში, როცა ქართველი ფეხბურთელები ჩქარობდნენ, სლოვაკთა სამწვრთნელო შტაბის ერთ-ერთმა წევრმა გიორგი კუციას ფეხი წამოსდო, რასაც არეულობა მოჰყვა.
“ჩვენი გუნდი შეკრული და ერთიანია. ჩვენ სახლში ვთამაშობდით, ხოლო მეტოქემ ზოგი რამ არასწორად მიიღო. ასეთ მატჩებში, როცა მეტოქეს დასაკარგი აღარაფერი აქვს, რისკზე მიდის. ისინი თვლიდნენ, რომ მათთვის ფრეც მისაღები შედეგი იქნებოდა. საფრანგეთი-საქართველოს შეხვედრაში ქართველებმა ბოლო წუთებში პენალტი მიიღეს, ჩვენი გუნდის მოთამაშეებს კი ვუთხარით, რომ ისინი ჩვენთან სათამაშოდ განსხვავებული განწყობით ჩამოვიდოდნენ. მათი მიზანი ნათელი იყო – არ უნდა დამარცხებულიყვნენ. მოხარული ვარ, რომ გავიმარჯვეთ.
საქართველოს ნაკრები მაღალი დონის გუნდია, რომელსაც შეტევაში ინდივიდუალურად გამორჩეული ფეხბურთელები ჰყავს. როცა ანგარიში 3:1 გახდა, ყველაფერი დამთავრდა, მაგრამ გვქონდა კიდევ უფრო მეტი გოლის გატანის შანსი”, – ციტირებს ადრიან გულას სიტყვებს profutbal.sk.