ადრიანო მშობლიურ ქალაქში სასტუმროში ცხოვრობს და თვეში 12 ათას ევროს იხდის
მილანის “ინტერისა” და ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ადრიანომ საკუთარი მდიდრული სახლი გაყიდა და ახლა მშობლიურ რიო დე ჟანეიროში ცხოვრება ძვირადღირებულ სასტუმრო “გრანდ ჰაიათში” უწევს.
“ოლეს” ცნობით, ბრაზილიელმა საკუთარი სასახლე 1.3 მილიონ ევროდ გაყიდა, ახალ მეპატრონეებს თითქმის მთელი ქონება დაუტოვა, თან კი მხოლოდ რამდენიმე მნიშვნელოვანი ნივთი წაიღო, მათ შორის კარიერის განმავლობაში მოპოვებული ჯილდოები. ადრიანოს ჯერ არ უპოვია სახლი, რომელიც მის სტანდარტებს დააკმაყოფილებს, მანამდე კი მდიდრულ სასტუმროში ცხოვრობს, სადაც თვეში დაახლოებით 12 ათას ევროს იხდის. ბრაზილიელი 145 კვადრატული მეტრი ფართობის საპრეზიდენტო ნომერში დაბინავდა, ოთახს აივანიც აქვს, რომელიც ოკეანეს გადაჰყურებს.
ადრიანო ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ ფეხბურთელად ითვლებოდა. კარიერის განმავლობაში მან არაერთი გუნდური თუ ინდივიდუალური ჯილდო მოიგო, მათ შორის ოთხჯერ გახდა იტალიის ჩემპიონატის გამარჯვებული, ორჯერ ქვეყნის თასს, სამჯერ კი სუპერთასს დაუეფლა. ბრაზილიის ნაკრებთან ერთად 2004 წელს კოპა ამერიკა მოიგო. მამის გარდაცვალების შემდეგ მისი კარიერა უკან-უკან წავიდა, გახდა ალკოჰოლდამოკიდებული, მას ნარკოტიკებით ვაჭრობაც ედებოდა ბრალად, თუმცა სასამართლომ საკმარისი მტკიცებულებების არარსებობის გამო ბრალდება მოუხსნა. ადრიანომ ბუცები ლურსმანზე 2016 წელს დაკიდა.