ადრიანომ კარიერა დაასრულა

„გლობოს“ ცნობით, მილანის „ინტერისა“ და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ადრიანომ მოთამაშის კარიერა დაასრულა.
2010 წლის ივნისიდან ადრიანომ სამი კლუბი გამოიცვალა და მხოლოდ 16 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა. 31 წლის ფეხბურთელი უკანასკნელად ბრაზილიურ „ფლამენგოში“ ირიცხებოდა, რომელთანაც კონტრაქტი გასული წლის აგვისტოში გააფორმა, თუმცა ადრიანოს კლუბის რიგებში არცერთი შეხვედრა არ ჩაუტარებია.
ბოლო პერიოდში ბრაზილიელი მოთამაშე ალკოჰოლდამოკიდებული გახდა და ზედმეტ წონასაც უჩიოდა. გარდა ამისა, ადრიანომ მარცხენა ფეხის მყესიც დაიზიანა და საბოლოოდ გადაწყვიტა კარიერის დასრულება.
ადრიანომ კარიერის პიკს „ინტერში“ ასპარეზობის პერიოდში (2001-02, 2004-09) მიაღწია. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა „ნერიაძურის“ რიგებში 166 მატჩი ჩაატარა და 70 გოლი გაიტანა. ადრიანო 10 წლის მანძილზე (2000-10) იცავდა ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ღირსებასაც. „სელესაოს“ რიგებში მან 48 შეხვედრა ჩაატარა და 29 გოლი გაიტანა.
ბექა დოგრაშვილი