ადვოკატი: “ბასილაშვილის წარმატება დიდწილად მის ყოფილ ცოლთანაა დაკავშირებული”

ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლის ადვოკატებმა დღეს პრესკონფერენცია გამართეს, სადაც აღნიშნულ საქმეებზე მათი გადმოსახედიდან ისაუბრეს.
“საზოგადოებამ უნდა იცოდეს ვინ არის ეს ქალი და რა როლი აქვს მას ნიკოლოზ ბასილაშვილის წარმატებაში. ბასილაშვილი ნამდვილად არის სპორტის სამყაროში მისაბაძი ადამიანი და მისი დამსახურებები ხაზგასასმელია და ჩვენ ყველას გვიხარია, მაგრამ არცერთ შემთხვევაში, ეს არ ნიშნავს რომ წარმატებული ადამიანი კონკრეტულ სფეროში უნდა ძალადობდეს ვინმეზე და მარტო იმის გამო, რომ ის არის უდავოდ წარმატებული ადამიანი, ჩვენ უნდა გავჩუმდეთ. ეს არ ნიშნავს არც სამართლებრივ სახელმწიფოს და არც განვითარებულ საზოგადოებას.”
“ვწუხვართ, მაგრამ თუ მის კარიერას, დღევანდელ მდგომარეობას რაიმე დისკომფორტი შეექმნა, ერთადერთი, ვისკენაც მას შეუძლია ხელი გაიშვიროს, ეს არის საკუთარი თავი.”
“ქალბატონი ნელი პრაქტიკულად თანაცხოვრების პროცესში რვა წელი იყო ბასილაშვილთან და ნიკოლოზის წარმატება პირდაპირ უკავშირდა ამ პერიოდს. ნიკოლოზს არაერთხელ უსაუბრია ამის შესახებ და ის აღიარებს აწ. უკვე ყოფილი ცოლის როლს, მის სპორტულ კარიერაში. თუ ვინმეს ნიკოლოზ ბასილაშვილის წარმატებით ოდესმე გიამაყიათ, უნდა იცოდეთ, რომ მისი წარმატება დიდწილად დაკავშირებულია ყოფილ ცოლთან. ნელი დოროყაშვილმა კარიერა ჯერ საჯარო სამსახურში დაიწყო და არაერთი მიმართულებით ჰქონდა შემოთავაზება, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, რომლებიც მის მატერიალურ მდგომარეობას გაცილებით უკეთეს გახდიდა, მაგრამ ნელიმ თავისუფლად, საკუთარი ნებით არჩია ოჯახს და ქმარს დახმარებოდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველ ჩოგანს ყოფილი ცოლი ძალადობაში ადანაშაულებს.