აგენტი: “ადრე თუ გვიან, ხვიჩა რუსეთის ჩემპიონატს დატოვებს”
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას, აგენტმა პრესასთან ისაუბრა. მამუკა ჯუღელი ხვიჩას მიერ ესპანეთის კარში გატანილ გოლსაც შეეხო.
“სევილიას” მხრიდან ხვიჩას ტრანსფერის თაობაზე ოფიციალური წინადადება არ მიგვიღია, ის “რუბინის” ფეხბურთელია. ნათელია, რომ ადრე თუ გვიან, ხვიჩა რუსეთის ჩემპიონატს დატოვებს.
იმისათვის, რომ ხვიჩა რუსეთიდან წავიდეს, პირველ რიგში, სერიოზული წინადადება უნდა მივიღოთ. მანამ კი მოლოდინის პროცესში ვართ და არსად გვეჩქარება. “რუბინში” ის თავს კარგად გრძნობს და მუდმივად პროგრესირებს.
ესპანეთის კარში გატანილი გოლი დიდებული რამ იყო. მისთვის ეს დიდი სტიმული იქნება, ესპანეთის კარში გოლის გატანის სიამოვნება ყოველდღე არ ექნება.
თუმცა, მან მალევე უნდა დაივიწყოს ეს გოლი და ბევრი იშრომოს, რათა უფრო ძლიერი ფეხბურთელი გახდეს,” – აცხადებს მამუკა ჯუღელი.
მიმდინარე სეზონში 20 წლის ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის პრემიერ ლიგის 20 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა სამი გოლი და გააკეთა რვა საგოლე გადაცემა. ხვიჩას ყაზანურ კლუბთან ხელშეკრულება 2024 წლამდე აკავშირებს. მისი სატრანსფერო ღირებულება კი 10-15 მილიონი ევრო გახლავთ.