აგენტი: “იკერს გაუმართლა, რომ გულის შეტევა ვარჯიშზე დაემართა”
“პორტუს” მეკარის, იკერ კასილასის აგენტმა კარლო კუტროპიამ მისი კლიენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა. კურტორიას თქმით, იკერს გაუმართლა, რომ გულის შეტევა გუნდის ვარჯიშზე დაემართა.
“იკერმა ვარჯიშზე თავი შეუძლოდ იგრძნო. მას მკერდი, მკლავები და პირი ატკივდა. არ იცოდა, რომ გულის შეტევა დაემართა, ეს მოგვიანებით უთხრეს.
მას მსგავსი რამ არასოდეს დამართნია. იკერს ძალიან გაუმართლა, რომ გულის შეტევა “პორტუს” ვარჯიშზე დაეწყო, რადგან გუნდის ექიმები იქვე იყვნენ. ეს რომ სახლში მომხდარიყო, გაცილებით რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდებოდით”, – თქვა კუტროპიამ.
ასევე, აგენტმა საავადმყოფოში კასილასის გატარებულ პირველ დღეზე კომენტარი გააკეთა:
“დღის მეორე ნახევარში იკერი უკვე ის იკერი იყო, რომელსაც ყველანი ვიცნობთ: მხიარული და ხუმრობების მოყვარული. ის მებრძოლია. ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაზე მნიშვნელოვანია”, – დაასრულა კუტროპიამ.
შეგახსენებთ, რომ 37 წლის მეკარეს გულის შეტევა 1 მაისს დაემართა. დიდი ალბათობით, კასილასს კარიერის დასრულება მოუწევს.