აგენტი: “ლოგიკურია, რომ ლუკას პერესი “არსენალში” ბედნიერი არაა”
ლუკას პერესი ლონდონის “არსენალში” ლა კორუნიის “დეპორტივოდან” გასულ ზაფხულში გადავიდა. ოცდარვა წლის ესპანელმა თავდამსხმელმა “მეთოფეთა” რიგებში ყველა ტურნირზე ჩვიდმეტი თამაშში ჩაატარა, სადაც რვა გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემაც გააკეთა. ლუკასი ყოველ 133 წუთში არხევს მეტოქის კარის ბადეს. მიუხედავად შედეგიანობისა, არსენ ვენგერი მაინც არ აძლევს პერესს საკმარის სათამაშო დროს.
აღნიშნული პრობლემის შესახებ ისაუბრა ესპანელის სპორტსმენის აგენტმა, კრის უეთლიმ.
“ლუკასს “არსენალთან” ცოტა ხნის წინ გაფორმებული კონტრაქტი აქვს და მოლაპარაკებებს, რა თქმა უნდა, არცერთ გუნდთან არ ვაწარმოებთ. ის, რომ პერესს “მილანის” მესვეურები დაუკავშირდნენ , სიმართლეს არ შეესაბამება.”
“მას საკმარისი სთამაშო დრო არ აქვს და თავს ბედნიერად ვერ გრძნობს. სწორედ ამიტომაა ის თავისი საქმის პროფესიონალი. უნდა, რომ პრაქტიკა ჰქონდეს და მუდმივად პროგრესირდეს. ლუკასს სურს, რომ ესპანეთის ნაკრებს 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე დაეხმაროს. ამ სიტუაციიდან გამომდინარე კი, ჩემი კლიენტის ეროვნულ გუნდში ასპარეზობის შანსი მცირდება,” – განაცხადა ლუკასის აგენტმა.