აგუეროს მიზანი – მუნდიალის მოგება და „ოქროს ბურთის“ დასაკუთრება
„მანჩესტერ სიტისა“ და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელი სერხიო აგუერო მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებასა და „ოქროს ბურთის“ დასაკუთრებაზე ოცნებობს. 25 წლის ფეხბურთელის თქმით, ეროვნულ ნაკრებში მისი მიზანი ლიონელ მესის დახმარებაა. აგუერო თვლის, რომ მესის დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება, ამიტომ მას თანაგუნდელები მაქსიმალურად უნდა დაეხმარნონ.
„ჩემი მიზანი მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება და პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელის წოდების მოპოვებაა. ამ მიღწევით ისტორიაში შევალ. რაც შეეხება ნაკრებში ჩემს როლს, ჩემი საქმე მესის დახმარებაა. ის დიდი წნეხის ქვეშ არის მოქცეული, ხალხი მისგან ბევრ რამეს ელის. მე მას ვეხმარები, რომ ამ პასუხისმგებლობას გაუმკლავდეს, რაც ისევ გუნდს წაადგება. ქომაგები არგენტინის ნაკრებისგან წარმატებას ელიან და ეს კარგია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ისინი გავახაროთ“, – კუნ აგუეროს სიტყვებს La Nation-ი ციტირებს.
ბექა დოგრაშვილი