“აიაქსმა” სტუმრად “იუვენტუსი” დაამარცხა და ნახევარფინალში ითამაშებს (ვიდეო)
უეფას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების მეოთხედფინალურ ეტაპზე ტურინის “იუვენტუსსა” და ამსტერდამის “აიაქსს” შორის საპასუხო მატჩი გაიმართა. როგორც მოგეხსენებათ, წყვილის პირველი შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. განმეორებითი მატჩი ჰოლანდიელებმა უკეთ წარმართეს და შეხვედრა მათი გამარჯვებით 2:1 დამთავრდა.
ანგარიში კრიშტიანუ რონალდუმ შეხვედრის 28-ე წუთზე გახსნა, როდესაც მირალემ პიანიჩმა კუთხურიდან მოაწოდა, პორტუგალიელმა კი ბურთს თავი შეაგება – 1:0. ამსტერდამელებმა წონასწორობა მალევე აღადგინეს: ჰაკიმ ზიეშის შორეული დარტყმის შემდეგ ბურთი დონი ვან დე ბეეკს მოხვდა, რომელმაც ახლო მანძილიდან მეტოქის კარში ზუსტად დაარტყა – 1:1.
მეორე ტაიმი ამსტერდამელებმა გაცილებით აქტიურად დაიწყეს, მატჩის გადამწყვეტი მომენტი კი 67-ე წუთზე დადგა: ლასე შიონემ კუთხურიდან ბურთი საჯარიმოს ცენტრში ჩააგდო, სადაც მატეის დე ლიხტმა მეორე სართულზე ბრძოლა ორ მეტოქეს მოუგო და თავით დაარტყა, ვოიცეხ შჩესნიმ ნახტომში მოგერიება ვერ მოახერხა – 1:2. დარჩენილ დროში “ბებერმა სინიორამ” სიტუაცია ვეღარ გამოასწორა და ტურნირს მეოთხედფინალურ ეტაპზე გამოეთიშა. “აიაქსი” 22-წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პირველად ითამაშებს, სადაც მისი მეტოქე “მანჩესტერ სიტისა” და “ტოტენჰემ ჰოთსპურის” წყვილში გამარჯვებული იქნება.
ჩემპიონთა ლიგა
მეოთხედფინალი (II მატჩი)
“იუვენტუსი” — “აიაქსი” 1:2 (1:1) (ორი მატჩის ჯამში 2:3)
გოლები: რონალდუ 28′ — ვან დე ბეეკი 34′, დე ლიხტი 67′.