აიას ჭაბუკთა მასტერკლასი
უქმეებზე, ავჭალის ხელოვნურ მოედანზე, ქუთაისის აიას 16 წლამდელებმა ჭაბუკთა საშვიდკაცო პირველობა მოიგეს
ქუთათურები ბოლო ხანს ჩინებული მობურთალობით გვახარებენ უკლებლივ ყველა ასაკში. ამის გამოა, რომ ჭაბუკთა ნაკრებებში მრავლად ხვდებიან რიონის პირელი ბიჭები და ნებისმიერ საშინაო შეჯიბრშიც “აია” უპირველესი ფავორიტია.
ჭაბუკებში: საკმარისი იყო, კახა ალანიას ზაფხულის ტურნირი დაეგეგმა, რომ სრულიად “ბ” ლიგამ მოინდომა მონაწილეობა და კავშირის საშეჯიბრო კომიტეტს ერთი გზაღა დაუტოვა _ 12-ეული სპორტული პრინციპით შეერჩია და განეთესა.
აიას “ბ” ლიგაში ხუთი გუნდი გამოჰყავს, მაგრამ გეოგრაფიული მოსაზრებებით ერთი ადგილიღა გამოეყო. დასავლეთიდან სულ ოთხი მონაწილე ჩამოვიდა ლიხს აქეთ და ქუთაისის ორივე წარმომადგენელი ოთხეულში შევიდა.
აიას გარდა, პული ვერავინ დაასრულა 3-0 ბალანსით. მეტიც, ყველა სხვა მინიმუმ ორჯერ დამარცხდა, აიას კი ქულათა შეფარდება 289:0 გამოუვიდა.
საბოლოო კიბე:
თასი: 1 აია, 2 ლელო, 3 ხულიგანა, 4 ბაგრატი
სინი: 5 ლოკომოტივი, 6 არმაზი, 7 მერანი, 8 არმია
ფიალა: 9 აკადემია, 10 ქობულეთი, 11 ჩოხოსნები, 12 ფოთი
Rugby.GE