აკადემიის და მგზავრების გამარჯვებები (მატჩისშემდგომი კომენტარები)
20-წლამდელთა ჩემპიონატის 2 მატჩს უმასინძლა დღეს საკალათბურთო აკადემიამ. ორივე მატჩში გამარჯვებულის ვინაობა ზედმეტი დაძაბულობის გარეშე გაირკვა. „მგზავრები-არმიამ“ „სოხუმი“ დაამარცხა, ხოლო „აკადემიამ“ „ქუთაისს“ შანსი არ დაუტოვა.
ანგარიშში სხვაობა არც ერთ მატჩში დიდი არაა, თუმცა ორივე შეხვედრაში მდევარმა ჩამორჩენა ბოლო წუთებზე აღმოფხვრა. „მგზავრები-არმიის“ კალათბურთელებმა თანაბარი პირველი მეოთხედის (22:21) შემდეგ მეტოქის დაცვას სუსტი წერტილი უპოვეს და ქულებს იოლად იხვეჭდნენ. დიდი შესვენებისთვის არმიელთა 9-ქულიანი ლიდერობა დაფიქსირდა და ვითარება არც მეორე ტაიმში შეცვლილა. გუნდური თამაშის წყალობით დიმიტრი ჟაკობოვის გაწვრთნილმა არმიელებმა მესამე პერიოდი 24:17 მოიგეს და ბოლო პერიოდის წინ მეტოქესთვის მიუწვდომელნი გახდნენ.
საბოლოოდ „მგზავრები-არმიამ“ 85:72 იმარჯვა, რაშიც ლომის წილი მამუკა ბაზუაშვილს (20 ქულა, 15 მოხსნა) მიუძღვის. 19 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა სანდრო ბოლქვაძემ, ხოლო ლუკა ზაქრაძემ პირად ანგარიშზე 15 ქულა, 5 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. დამარცხებულთაგან 20 ქულითა და 14 მოხსნით ირაკლი ჯანხოთელი გამოირჩა, 18 ქულა მოაგროვა ვიტალი ცქიფურიშვილმა.
მეორე მატჩში გათამაშების ერთ-ერთმა ლიდერმა ლიდერმა „აკადემიამ“ 77:67 დაამარცხა „ქუთაისი“. მატჩის ბედი ფაქტობრივად პირველსავე ტაიმში გადაწყდა, რომელიც აკადემიელებმა 49:28 მოიგეს. ირაკლი ტომარაძის გაწვრთნილ გუნდს ტრადიციულად ბექა დარახველიძე წინამძღოლობდა, რომელმაც ამჯერად 23 ქულა მიითვალა. 15 ქულა მოაგროვა ნიკა ღურწკაიამ, ხოლო ნიკა მირხანაშვილი გამარჯვებულებს 13 ქულითა და 4 პასით შეეხიდა.
20-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი მატჩები ხვალ, საკალათბურთო აკადემიის დარბაზში გაიმართება.
მატჩისშემდგომი კომენტარები
მგზავრები-არმია – სოხუმი 85:72
დიმიტრი ჟაკობოვი(,,მგზავრები-არმიის’’ მთავარი მწვრთნელი): პირველ რიგში, მადლობას ვეტყვი მოწინააღმდეგე გუნდს საინტერესო თამაშისთვის. ჩემს გუნდს კი მივულოცავ გამარჯვებას ძალიან ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ. მიუხედავად პრობლემების და ხარვეზებისა, მოვახერხეთ გამარჯვება. თავიდან ნერვიულად დავიწყეთ, დაცვაში შეცდომები დავუშვით, თუმცა ლიდერთა კარგი თამაშის წყალობით უპირატესობა მოვიპოვეთ, უფრო თავდაჯერებულად, ზუსტად და ხისტად დავიწყეთ თამაში დაცვაშიც და შეტევაშიც. ამის ხარჯზე მივაღწიეთ წარმატებას, თუმცა ეს უკვე ისტორიაა. ხვალ მომდევნო რთული თამაში გველის და სრული პასუხისმგებლობით მოვეკიდებით ამ მატჩსაც.
თემურ კანკია(,,სოხუმის’’ მთავარი მწვრთნელი): ვულოცავ მეტოქეს გამარჯვებას, ნამდვილად კარგად ითამაშეს, გვაჯობეს, ბევრად დალაგებული თამაში აჩვენეს. ჩვენ ვეცდებით გამოვასწოროთ ეს დროებითი შეცდომები, ხარვეზები და უკეთესი შედეგი ვაჩვენოთ.
აკადემია – ქუთაისი 77:67
ირაკლი ტომარაძე(,,აკადემიის’’ მწვრთნელი): მივულოცავ ჩემს ბიჭებს გამარჯვებას. გვქონდა შეცდომები, თუმცა საბოლოო ჯამში კმაყოფილი ვარ, დამსახურებულად მოვიგეთ.
მედეა მხეიძე(,,ქუთაისის” მთავარი მწვრთნელი): პირველ რიგში, ვულოცავ ,,აკადემიას” გამარჯვებას და წარმატებულ თამაშს. ჩვენ ისევ დანაკლისით ვთამაშობდით, რატი ნუცუბიძე არ გვყავდა, 2 გამთამაშებელიც გამოგვაკლდა და, ბუნებრივია, გაგვიჭირდა. ვფიქრობ, საკმარისად ვერ გამოვიყენეთ მაღალი მოთამაშეები.
u-20.ge