აკაკი შულაია: “ფინალში უკან დასახევი გზა არ არსებობს!”
ხვალ ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალი გაიმართება. გამარჯვებულის ვინაობას მარტვილის “მერანი” და ქუთაისის “ტორპედო” გაარკვევენ.
Fanebi.Com-ი მეგრული კლუბის ფეხბურთელს, აკაკი შულაიას დუკავშირდა და მას წინასამატჩო ინტერვიუ ჩამოართვა.
“ფინალამდე მოსვლა არც ისე ადვილი იყო. ვეთამაშეთ საქართველოს ძალიან ძლიერ გუნდებს, რომლებიც, ჩვენგან განსხვავებით, უმაღლეს ლიგაში გამოდიან. ჩატარებული შეხვედრებიდან გორის “დილასთან” თამაშს გამოვყოფდი. დაძაბულ შეხვედრაში გამარჯვებული თერთმეტრიანებით გადაწყდა.”
“ვაცნობიერებთ, სად ვართ და ვის ვეთამაშებით. ეს ფინალია – სხვა განზომილება, სადაც უკან დასახევი გზა აღარ არსებობს. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ჩემპიონები გავხდეთ! ამისთვის დიდი მოტივაცია გვაქვს.”
“რაც შეეხება ფავორიტს… უმეტესობა ამ სტატუსს “ტორპედოს” ანიჭებს, თუმცა ჩვენ ხელწამოსაკრავი გუნდი ნამდვილად არ ვართ. ეს ბევრჯერ დავამტკიცეთ და ხვალაც იმავეს გაკეთებას ვაპირებთ!” – განაცხადა შულაიამ