ახალ სანაკრებო სეზონს ახალი ფორმით და ლიხტენშტაინთან მატჩით ვიწყებთ
დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში თემურ ქეცბაია ჟურნალისტებს შეხვდა. პრესკონფერენციაზე, მწვრთნელთან ერთად არნემის “ვიტესის” ქართველი კაპიტანი გურამ კაშიაც იყო.
ქეცბაიამ ლიხტეშტაინთან გასამართ მატჩზე, ნაკრების მომავალ მეტოქეებზე და სხვა მნიშნველოვან დეტალებზე ისაუბრა და ჟურნალისტებს ნაკრების ახალი ფორმა წარუდგინა.
თემურ ქეცბაია: 5 მარტს ლიხტენშტაინთან ამხანაგური მატჩი გველის. სეზონის მოგებით დაწყება ჩვენთვის ძალიან მნიშნველოვანია.
მოგეხსენებათ, ახალგაზრდა ფეხბურთელები და მათ შორის დებიუტენტებიც გვყავს ნაკრებში, რომლებსაც შანსი აუცილებლად მიეცემათ. როგორც ყოველთვის, ყველა გამოძახებულმა ჩამოსვლა ვერ მოახერხა, მაგრამ ამას უნდა შევეგუთ და მათი შემცველები უნდა მოვძებნოთ.
ჩვენს ჯგუფს რაც შეეხება, აქ გერმანია უდავო ფავოტირია. 4 გუნდი კი მეორე-მესამე პოზიციებისთვის ვიბრძოლებთ.
რა თქმა უნდა გვსურდა, რომ ლიხტენშტაინზე ძლიერ გუნდთან გვეთამაშა, თუმცა ერთია ჩვენი სურვილია და სულ სხვაგვარია რეალობა. სამწუხაროდ, ძლიერ გუნდებს თბილისში თამაში არ უნდათ და ისინი ან სტუმრად, ან სულაც ნეიტრალურ მოედანზე გვთავაზობენ დაპირისპირებას.
თუმცა, მაისის ბოლოს ვგეგმავთ სპარინგს სერიოზულ მეტოქესთან, რომლის ვინაობას ჯერ-ჯერობით ვერ დაგიკონკრეტებთ.
შესარჩევში ნაკრების კაპიტნის ვინაობას მატჩის დღეს გაიგებთ. ახლა ამის თაობაზე ვერაფერს ვიტყვი.
მე არასდროს, არავისთან პრობლემა არ მქონია. თუ მოთამაშეს ნაკრებში თამაში არ უდნა, მე მას ძალით მოედანზე ვერ გავიყვან.
გასულ შესარჩევში ბევრი კრიტიკა მესმოდა მეორე ნომრად თამაშის გამო, თუმცა თუ თავი ვერ დაიცავი, თამაშს ვერ მოიგებ. ჩვენ დინჯად და გააზრებულად უნდა ვითამაშოთ. 5 ფორვარდით თამაშმა კატასტროფული შედეგები მოგვიტანა.
შესარჩევში საკმაოდ კარგი კალენდარი გვერგო. ჩემი აზრით ის იდეალურიც კი არის. პირველივე შეხვედრა საშინაო ასპარეზზე გველის უშუალო კონკურენტ ირლანდიასთან და ის აუცილებლად უნდა დავამარცხოთ. ყველაზე ცუდ შემთხვევაში, ფრე მაინც უნდა ვითამაშოთ.
გურამ კაშია: საკმაოდ საინტერესო და რთულ ჯგუფში მოვხვდით. თუმცა შანსი გვაქვს და მოსაგები თამაშებიც გვექნება. განსაკუთრები ეს საშინაო მატჩებზე ითქმის.
სასწავლი ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს, თუმცა საკმაო გამოცდილება დაგვიგროვდა და პირადად მეც მაქსიმალურად ვეცდები, რომ ნასწავლი ახალგაზრდებს გავუზიარო.
აქვე შეგახსენებთ ნაკრებში ლიხტენშტაინის წინააღმდეგ სათამაშოდ გამოძახებულ ფეხბურთელთა სიას:
მეკარეები: გიორგი ლორია („დინამო“ თბილისი), ნუკრი რევიშვილი („ვალეტა“ მალტა), როინ კვასხვაძე („ტორპედო“ ქუთაისი).
მცველები: გურამ კაშია („ვიტესი“, ჰოლანდია), უჩა ლობჟანიძე („დნიპრო“, უკრაინა), გია გრიგალავა („ანჟი“, რუსეთი), ლაშა სალუქვაძე („ინტერი“, აზერბაიჯანი) დავით კვირკველია, გიორგი ხიდეშელი (ორივე „დინამო“, თბილისი), სოლომონ კვერკველია („რუბინი“, რუსეთი ), აკაკი ხუბუტია („მორდოვია“ რუსეთი), ლევან კაკუბავა (“სპარტაკი”, ცხინვალი, საქართველო).
ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი („კარპატი“ ლვოვი, უკრაინა), ალექსანდრე კობახიძე, ჯაბა კანკავა (ორივე „დნიპრო“, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი („ჩერნომორეცი“ ოდესა, უკრაინა), ჯანო ანანიძე („როსტოვი“, რუსეთი), ირაკლი ძარია („დინამო“, თბილისი) ვალერი ყაზაიშვილი („ვიტესი“, ჰოლანდია), ავთანდილ ებრალიძე („ჟილ ვისენტე“, პორტუგალია)
თავდამსხმელები: ვლადიმერ დვალიშვილი (“ლეგია”, ვარშავა, პოლონეთი), ბაჩანა ცხადაძე („ინტერი“, აზერბაიჯანი), გიორგი ჭანტურია („კლუჟი“, რუმინეთი).
პრესკონფერენციის ბოლოს ქეცბაიამ და კაშიამ საქართველოს ნაკრების ახალი სათამაშო ფორმა წარადგინეს. ამიერიდან ჯვაროსნები “ადიდასის” ფორმებით შეიმოსება. ცოტა უცნაურია, რომ ფორმა ლურჯ-თეთრი იქნება. ხოლო მას სფფ-ს ლოგოს ნაცვლად საქართველოს სახელმწიფო გერბი დაამშვენებს.
საქართველოსა და ლიხტენშტაინის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა 5 მარტს, “მიხეილ მესხზე” შედგება და 18:00 საათზე დაიწყება. ბილეთის ფასი 3 ლარი.