ახალი სარაგბო კლუბი “კლდეკარი”
რამდენიმე ხნის წინ წალკაში სარაგბო კლუბი „კლდეკარი“ დაარსდა, რომელშიც ადგილობრივი საფესტივალო და უფროსი საფესტივალო ასაკის 50-მდე ჭაბუკივარჯიშობს.
ჭაბუკ წალკელებს რაგბის ანაბანისა და ჩვენი მშვენიერი თამაშის ფასეულობების დაუფლებაში ადგილობრივი მწვრთნელი, ბორის ძიმცეიშვილი ეხმარება, ხოლო მასთან მხარდამხარ კლუბის მენეჯერი ლევან ჯარმელაშვილი ირჯება.
საბრძოლო ნათლობა
9 მაისს, როდესაც თბილისში მესხის სტადიონზე ლელო სარასენსსა და ლოკომოტივს შორის საქართველოს ჩემპიონის ვინაობა ირკვეოდა, წალკაში კლდეკარის მოთამაშეებს პირველმა სარაგბო ბურთაობამ მოუწია – წალკის სტადიონზე სარაგბო ფესტივალი გაიმართა, რომელშიც კლდეკარელებთან სათამაშოდ ორი თბილისური კლუბის, არმიისა და არმაზის თანატოლთა გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა.
ფესტივალზე ახალი სარაგბო კლუბის აღსაზრდელთა გარჯას წალკის ეპარქიის წინამძღვარი, მამა გრიგოლი და ქვემო ქართლის გუბერნატორი, პაატა ხიზანიშვილი ადავნებდნენ თვალს. სამივე გუნდის ჭაბუკ მორაგბეებს სათამაშო მოტივაცია იმანაც გაუზარდა, რომ ფესტივალზე მათ ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრები,ბორჯღალოსნები – ირაკლი აბუსერიძე, ირაკლი მაჩხანელი და ვასილ აბაშიძე ქომაგობდნენ.
„დღეს მშვენიერი სარაგბო დღე შედგა წალკაში, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გუნდებს და ფესტივალის სტუმრებს. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო„ვისოლი ჯგუფს“ და ადგილობრივ მთავრობას, რომელთა მხარდაჭერითაც ამ ტურნირის გამართვა გახდა შესაძლებელი.
„გუნდში 50-მდე სხვა და სხვა ეთნიკური წარმომავლობისა და რელიგიური კუთვნილების ადგილობრივი ბავშვი ვარჯიშობს. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ რაგბი აერთიანებს.“ განაცხადა რაგბის კლუბ კლდეკარის მენეჯერმა, ლევან ჯარმელაშვილმა.
Rugby.GE