ახალი შესარჩევი ახალი იმედებით – ევროტური ირლანდიით იწყება
7 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ახალ შესარჩევ ციკლს დაიწყებს. ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი გაზრდილია და ტრადიციულად ქართველი გულშემატკივარიც გულის სიღრმეში მაინც ოპტიმისტურად ხვდებიან ნაკრების ისტორიაში ახალი ეტაპის დაწყებას.
წარმატების მიღწევის სურვილი და იმედი გუნდის მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაისაც აქვს. ეროვნული გუნდის შეკრების პირველ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ნაკრების თავკაცმა განვლილ სამუშაოზე ისაუბრა და ახალი ციკლის წინ ნაკრებს ახალი მიზნებიც დაუსახა.
პირველ ტურში საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე ირლანდიას უმაპსინძლებს. წარმატებული სტარტი ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თანაც თუ ჯგუფიდან გასვლაზე გვაქვს პრეტენზია საგზურისთვის ბრძოლაში ჩვენი ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი სწორედ ირლანდია იქნება. ამიტომ, ამ შეხვედრის შედეგს დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
საქართველოს ნაკრებთან შეხვედრამდე მეტოქემ ამხანაგურ მატჩში ომანს სძლია. მარტინ ონილმა იმ შეხვედრაში ბევრ მოთამაშეს მისცა თავის გამოჩენის საშუალება. ძირითადში დაიწყო ნაკრებში დაბრუნებულმა შეი გივენმა. ბოლო ნახევარი საათი რობი კინმაც ითამაშა, რაც იმას ნიშნავს, რომ ირლანდიელთა საუკეთესო ბომბარდირი, რომელსაც მცირე დაზიანება აწუხებდა, თბილისურ მატჩშიც მიიღებს მონაწილეობას.
გუნდების დაპირისპირების ისტორია 5 შეხვედრას ითლვის და სამწუხაროდ ჩვენთვის სასიამოვნო გასახსენებელი არცერთი მათგანი არ არის.
პირველად საქართველო და ირლანდია ერთმანეთს 2003 წლის 29 მარტს დაუპირისპირდნენ. ის შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა და სტუმრების გამარჯვებით, 1:2 დასრულდა. ირლანდიელებმა დოჰერტის მიერ 85-ე წუთზე გატანილი გოლით გაიმარჯვეს. იმავე ციკლის განმეორებით შეხვედრაში კი ბრიტანელებმა 2-0 მოიგეს.
შემდეგი მატჩი 2008 წელს შედგა. რუსეთის აგრესიის გამო საქართველოში გასამართი შეხვედრა ნეიტრალურ მოედანე, გერმანულ მაინცში შედგა და კვლავ ირლანდიელთა გამარჯვებით, 2-1 დასრულდა. ანალოგიური შედეგი დაფიქსირდა დუბლინურ მატჩიც, სადაც კუპერის გაწვრთნილი ნაკრები პირველივე წუთზე იაშვილის გოლით დაწინაურდა, თუმცა მსაჯის აშკარა შეცდომის გამო ირლანდიელებმა ჯერ გაათანაბრეს, შემდეგ კი გამარჯვების გოლიც გაიტანეს.
საქართველოსა და ირლანდიის ბოლო შეხვედრა 2013 წელს დუბლინში, ულამაზეს “ავივა სთეიდიუმზე” შედგა. ქეცბაიას შეგიდრები მე-20 წუთზე რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ და ირლანდიელებს ამხანაგური მატჩის მოგება არ გასჭირვებიათ. მასპინძლებმა მეტოქის კარში 4 უპასუხო გოლი გაიტანეს. აღსანიშნვია, რომ ნაკრების სათავეში თემურ ქეცბაიას მოსვლის შემდეგ ეს ერთადერთი მატჩი იყო, რომელიც ნაკრებმა 2-ბურთიანზე მეტი სხვაობით წააგო.
მიუხედავად იმისა, რომ ურთიერთშეხვედრებში ასეთი კატასტროფული სტატისტიკაა, ახალი შესარჩევი ციკლი ყოველთვის ახალ იმედებს უკავშირდება. თანაც, საშინაო კედლების ფაქტორიც დამატებითი მოტივაცია უნდა გახდეს ჩვენი ფეხბურთელებისთვის. ისიც ფაქტია, რომ ტიპიური ბრიტანული სტილის გუნდებს ტექნიკური ფეხბურთელების წინააღმდეგ ყოველთვის უჭირდათ. საბედნიეროდ, ასეთი ნიჭით დაჯილდოებული ფეხბურთელები ნაკრების შემადგენლობაში ახლაც არიან. ასე რომ, მონდომების, ბრძოლისა და რა თქმა უნდა გულშემაკივართა მხურვალე მხარდაჭერით ირლანდიის დონის გუნდთან თამაში და წარმატებაზე ფიქრი ნამდვილად შეიძლება. უკვე დროა, რომ ირლანდიელეთან ჩამოყალიბებული უსიამოვნო ტრადიცია დავარღვიოთ.