ახალი შეზღუდვები: როგორ და როდის ჩატარდება ეროვნული ლიგა?
საქართველოს ეროვნული ლიგა 15 მარტს დროებით პირველ აპრილამდე შეჩერდა, მაგრამ ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ჯერჯერობით 10 მაისამდე არის გადადებული.
10 მაისს საგანგებო მდგომარეობა დასრულდება და პრეზიდენტის მიერ გამოქვეყნებული დეკრეტის თანახმად, საგანგებო მდგომარეობის დამთავრებამდე სპორტული ღონისძიებების გამართვა იკრძალება.
მოსალოდნელია, რომ ჩემპიონატი 25 მაისიდან 1-ელ ივნისამდე განახლდება და 2-წრედ ჩატარდება. მიუხედავად რამდენიმე გუნდის მოთხოვნისა, პირველი 2 ტურის შედეგები აუცილებლად ასახული იქნება და არ დაიკარგება.
თავდაპირველად, ელიგა, დიდი ალბათობით, გულშემატკივრის გარეშე ჩაივლის. ქართული სტადიონები თბილისში დიდად გულშემატკივრის რაოდენობით არც გამოირჩეოდა, მაგრამ რეგიონებში 500-ზე მეტი კაცი მინიმუმ მაინც ესწრებოდა შეხვედრებს და ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნიდან გამომდინარე, მცირე სტადიონებზე დისტანციის დაცვა გაჭირდება.
თითოეული ფეხბურთელი მატჩის დაწყებამდე თერმოსკრინინგს გაივლის და რაიმე სიმპტომის შემთხვევაში, თამაშს ვერ შეძლებს. ასევე, გუნდების ხელმძღვანელობას დაევალება აქტიურ კომუნიკაციაში იყვნენ ფედერაციასთან და მათი რეკომენდაციები გაითვალისწინონ.