“ახლა მხოლოდ ტირილი მინდა” – ქართველი ჩოგბურთელი ოლიმპიადაზე არ წაიყვანეს?
ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა სოციალურ ქსელ Twitter-სა და Facebook-ში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მას ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობა შეეძლო, მაგრამ ქართულმა მხარემ განაცხადი არ გააგზავნა.
“მინდა, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით განცხადება გავაკეთო. იქ მოხვედრა ჩემი ოცნება იყო. შემეძლო წყვილებში მეასპარეზა, მაგრამ განაცხადი არ გაგზავნილა. ახლა ძალიან დამწუხრებული ვარ. არც ისეთი ახალგაზრდა ვარ, რომ მოდევნო ოლიმპიადებზე გამოსვლის შანსი მქონდეს. ახლა მხოლოდ ტირილი მინდა”, – წერს 30 წლის სპორტსმენი.
It is really sad to acknowledge that you have made a cut to #Tokyo2020 but not going because entry wasn’t send . That was my dream to compete in that event . I just want to cry right now .#Olympics #tennis pic.twitter.com/1Qi8CaXsJR
— Oksana Kalashnikova (@OksKalashnikova) July 17, 2021
ოქსანას პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა Twitter-ში. ჩოგბურთელმა გულშემატკივრების კომენტარებს უპასუხა:
“ამ ამბის ყველაზე ცუდი ნაწილი ის იყო, როცა მითხრეს, რომ განაცხადი არ გააგზავნეს. არ ვიცი, ვინ არ გააგზავნა, ოფიციალურ პასუხს არავინ მცემს. ვისურვებდი, ჩემს ქვეყანას სპორტში მოღვაწე ადამიანების მიმართ უფრო მეტი პატივსცემა ჰქონდეს. ქვეყნების უმეტესობა ამაყობს იმით, რომ ოლიმპიურ თამაშებზე ბევრი წარმომადგენელი ჰყავთ, მაგრამ როგორც ჩანს, ჩემს ქვეყანაში განსხვავებული სიტუაციაა”, – წერს კალაშნიკოვა.
ჯერ-ჯერობით ამ ამბავთან დაკავშირებით განცხადება არც საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტს და არც ჩოგბურთის ფედერაციას არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, რომ ოქსანა კალაშნიკოვა უმეტესად წყვილთა თანრიგში ასპარეზობს. 30 წლის ჩოგბურთელმა ცოტა ხნის წინ დასრულებული უიმბლდონის ტურნირის წყვილთა თანრიგში 1/8-ფინალში ითამაშა.