ახრიკ ცვეიბა: “ქართველი ფეხბურთელების საქციელი ამაზრზენია”
საბჭოთა კავშირის, უკრაინისა და რუსეთის ნაკრებების ყოფილმა წევრმა, ახრიკ ცვეიბამ ქართული კლუბებისა და ფეხბურთელების მიერ რუსული ოკუპაციის გაპროტესტებაზე კომენტარი გააკეთა.
ცვეიბა მიიჩნევს, რომ ქართული კლუბების საქციელი მიუღებელია და მას “ამაზრზენს” უწოდებს.
“ვფიქრობ, ეს მიუღებელია. ამაზრზენია, როცა ფეხბურთელებს სპორტში პოლიტიკა შემოაქვთ. ფეხბურთელისათვის მოედანი წმინდა ადგილია, სადაც პირველ რიგში, მათ თავიანთი შესაძლებლობები უნდა წარმოაჩინონ და თამაშით ისიამოვნონ. პოლიტიკა პოლიტიკოსებს უნდა დარჩეთ.
ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანს საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება არ აქვს. მოედნის მიღმა შეგიძლია ის თქვა, რაც გინდა, მაგრამ ფეხბურთში ამის ადგილი არ არის.
გაიხსენეთ, სამამულო ომის დროს კიევის “დინამოს” თამაში ფაშისტების წინააღმდეგ მოუწია. ფეხბურთელები მოედანზე ერთმანეთს პატივს სცემდნენ, მის ფარგლებს გარეთ კი ერთმანეთს ხოცავდნენ. მოედანზე პოლიტიკის ადგილი არ არის, არცერთ შემთხვევაში!
თუ სპეციალურ მაისურს იცვამ, მაშიმ შეგიძლია პატივი რომელიმე ფეხბურთელის ხსოვნას მიაგო. პოლიტიკური სლოგანები ნებადართული არსადაა. ფიფა და უეფა ამას აქტიურად ებრძვის”, – ციტირებს ვეტერანი ფეხბურთელის სიტყვებს sovsport.ru.
შეგახსენებთ, რომ ცვეიბა საქართველოში, გუდაუთაშია დაბადებული. მან კარიერა 1983 წელს სოხუმის “დინამოში” დაიწყო, 1985-1989 წლებში კი თბილისის “დინამოს” ღირსებას იცავდა.