აკინფეევმა კიდევ ერთი ანტირეკორდი დაამყარა
ყატარისა და რუსეთის ნაკრებებს შორის დოჰაში გამართული ამხანაგური მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. სტუმრების კარს 58-ე წუთამდე იგორ აკინფეევი იცავდა, რომელმაც კიდევ ერთი ანტირეკორდი დაამყარა.
30 წლის მეკარემ საერთაშორისო დონეზე 71-ე გოლი გაუშვა, რაც რუსეთის ნაკრებში ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. თავის დროზე საკუთარ კარში 70-70 გოლი მიიღეს ლეგენდარულმა რუსმა მეკარეებმა ლევ იაშინმა და რინატ დასაევმა, რომლებიც საბჭოთა კავშირის ნაკრების კარს იცავდნენ. იაშინმა 70 გოლი 74 მატჩში გაუშვა, დასაევმა – 91 შეხვედრაში, აკინფეევმა კი ეს ანტირეკორდი რუსეთის ნაკრების ფორმით ჩატარებულ 93-ე თამაშში დაამყარა.
აღსანიშნავია, რომ მატჩის მიმდინარეობისას იგორ აკინფეევმა ტრავმა მიიღო და 58-ე წუთზე შესაცვლელი გახდა. შესაბამისად, მეორე გოლი შეცვლაზე შემოსულმა სტანისლავ კრიციუკმა გაუშვა.
შეგახსენებთ, რომ იგორ აკინფეევს კიდევ ერთი ანტირეკორდი ეკუთვნის. მას ჩემპიონთა ლიგაზე მიჯრით 41 მატჩია, კარი მშრალად არ შეუნახავს.