ალან შირერი: “ბრენდან როჯერსმა მხოლოდ ერთი წარმატებული ტრანსფერი განახორციელა”
ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და “ნიუკასლ იუნაიტედის” ყოფილმა კაპიტანმა ალან შირერმა, რომელიც დღესდღეობით საფეხბურთო ექსპერტად მუშაობს, “ლივერპულის” სატრანსფერო პოლიტიკა გააკრიტიკა. მისი თქმით, მერსისაიდული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა 2012 წლიდან მხოლოდ ერთი წარმატებული ტრანსფერი განახორციელა.
“მე ვიტყოდი, რომ მხოლოდ კოუტინიოს ტრანსფერი გამოდგა წარმატებული. დანიელ სტარიჯს ტრავმის გამო საკმაოდ დიდი პერიოდი გაუცდა.
“ლივერპულს” კარგი სატრანსფერო პოლიტიკა არ აქვს, რაც, ალბათ, არის მიზეზი გუნდის წარუმატებლობისა.
მათ უნდა დაიმატონ მსოფლიო დონის ფეხბურთელები, თუმცა შარშან, როდესაც გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობდა, გუნდმა ასეთი ტრანსფერები ვერ განახორციელა და ახლა, როდესაც მერსისაიდელები ტურნირს მიღმა არიან, ამ მოთამაშეების გაფორმება კიდევ უფრო გაუჭირდებათ”, – შირერის კომენტარი “მირორმა” გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, რომ ბრენდან როჯერსმა “ლივერპული” 2012 წელს ჩაიბარა. ამ ხნის განმავლობაში მან 24 ფეხბურთელი დაიმატა, ტრანსფერებში 211 მილიონი ფუნტ სტერლინგი დახარჯა, აქედან 8.5 მილიონი – კოუტინიოს შესაძენად.