ალბანეთის ნაკრებმა რუმინეთი დაამარცხა (ვიდეო)
2016 წლის ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფის მესამე ტურის მატჩში რუმინეთისა და ალბანეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.
მატჩი რუმინელებმა აქტიურად დაიწყეს, თუმცა რეალურ საგოლე მომენტამდე საქმე არ მისულა. ტაიმის შუაწელს ალბანელებმა თამაში გამოასწორეს და უპირატესობასაც დაეუფლნენ, რასაც გოლიც მოყვა: ტაიმის ბოლოს ლედიან მემუშაიმ მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩააწოდა, იქ კი ვლად რუმინელთა კაპიტანი კირიკეში პოზიციურად შეცდა, გამოსვლაზე ვერც მეკარე ტატარუშანუმ ითამაშა, არმანდო სადიკუმ კი თავური დარტყმით ალბანეთის ნაკრები დააწინაურა. აღსანიშნავია, რომ ეს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე ალბანელთა პირველი გოლია.
მატჩის მეორე ნახევარში რუმინელები ანგარიშის გათანაბრებას შეეცადნენ, ერთხელ ბურთი ხარიხასაც გაარტყეს, თუმცა ძალაში პირველი ტაიმის შედეგი დარჩა და ალბანელებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს. ამ გამარჯვებით ალბანეთის ნაკრებმა ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და მერვედფინალურ ეტაპზე თამაშის შანსი შეინარჩუნა. რუმინეთის ნაკრები კი ტურნირს გამოეთიშა.
ევრო-2016
A ჯგუფი
რუმინეთი — ალბანეთი 0:1 (0:1)
რუმინეთი: ტატარუშანუ, საპუნარუ, გრიგორე, კირიკეში, მეცელი, პრეპელიცე (სინმერტეანი 46′), ჰობანი, პოპა (ანდონე 68′), სტანჩუ, სტანკუ, ალიბეკი (ტორჟე 57′).
მთავარი მწვრთნელი: ანგელ იორდანესკუ.
ალბანეთი: ბერიშა, ჰიუსაი, აიეტი, მავრაი, აგოლი, ბაშა (ცანა 83′), აბრაში, მემუშაი, ლილა, ლელიანი (როში 77′), სადიკუ (ბალაი 59′).
მთავარი მწვრთნელი: ჯოვანი დე ბიაზი.
გოლი: სადიკუ 43′.
გაფრთხილებები: მეცელი 54′, საპუნარუ 85′, ტორჟე 90+3′ — ბაშა 6′, მემუშაი 90′, ჰიუსაი 90+4′.
მთავარი მსაჯი: პაველ კრალოვეცი (ჩეხეთი).