ალეგრი: “ფორმაში არ ვართ, უშუალო ბრძოლაში “იუვენტუსი” ნოემბრის თვეში ჩაერთვება”
“იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ “სპორტინგთან” ძნელად მოპოვებული გამარჯვების (2-1) შემდეგ პრესასთან ისაუბრა და აღიარა, რომ მისი გუნდი ამჟამად არც თუ ისე კარგ ფორმაში იმყოფება.
“საუკეთესო ფორმაში ნამდვილად არ ვართ. გუნდის ლიდერები ახლახან დაბრუნდნენ ლაზარეთიდან, სხვებს კი სანაკრებო პაუზის შემდეგ დრო სჭირდებოდათ, რათა ფორმა ბოლომდე აღედგინათ. ასე რომ, ეს ყველაფერი არ არის და მუშაობა უნდა გავაგრძელოთ.
გასული სეზონი წარსულს ჩაბარდა. ჩვენ უმაღლესი დონე უნდა შევინარჩუნოთ და ყოველდღე უნდა ვიბრძოლოთ წარმატებისთვის. ჩემპიონთა ლიგის მოგება ადვილი ნამდვილად არ იქნება, მაგრამ ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შეიძლება ითქვას, რომ ნოემბრამდე და მის შემდეგ სიტუაცია რადიკალურად იცვლება. ჩვენ უშუალო ბრძოლაში მომდევნო სანაკრებო პაუზის შემდეგ ჩავერთვებით,” – აცხადებს იტალიელი სპეციალისტი.