ალეგრი: “ვფიქრობ, ხვალ “იუვენტუსი” “რეალის” დონეზე ითამაშებს”
ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური მატჩის წინ პრესასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხვალ “ბებერი ქალბატონი” მოედანზე მოსაგებად გავა.
“რეალს” ეს ტიტული თორმეტჯერ აქვს მოგებული და წელსაც ექსტრაორდინარული შესაძლებლობების მქონე გუნდი ჰყავთ. ამის მიუხედავად, ვფიქრობ, რომ ხვალ “იუვენტუსი” “რეალის” დონეზე ითამაშებს. ასეთი თამაშები ნამდვილი ჯილდოა ყველასთვის, ვინც ფეხბურთში მუშაობს.
განსაკუთრებული ტაქტიკა რონალდუს წინააღმდეგ? მცველები ძალიან ყურადღებით უნდა იყვნენ მის წინააღმდეგ. ძალიან ვაფასებ ამ ფეხბურთელს, 32 წლის ასაკშიც უმაღლეს დონეზე თამაშობს, რაც ადვილი ნამდვილად არ არის.
ბრწყინვალე საღამო გველის, ჩვენი ფანები ბედნიერები უნდა იყვნენ. ჩვენ ბოლო სამი წლის მანძილზე ორჯერ გავედით ფინალში, ფანების მხარდაჭერას ნამდვილად ვიმსახურებთ, ეს ძალიან დაგვეხმარება,” – აცხადებს ალეგრი.