ალეგრის ტოპ-კლუბებისგან შემოთავაზებები აქვს
“მილანისა” და ტურინის “იუვენტუსის” ყოფილ თავკაც მასიმილიანო ალეგრის ერთწლიანი პაუზის შემდეგ სამწვრთნელო კარიერის განახლება სურს.
შეგახსენებთ, რომ 52 წლის სპეციალისტმა პროფესიულ კარიერაში პაუზა 2019 წლის ზაფხულში აიღო, როდესაც “ბებერი სინიორას” თავკაცის პოსტი დატოვა, ახლა კი ახალი გამოწვევებისთვის მზად არის და როგორც ირკვევა, წამყვანი ევროპული კლუბებისგან მის მიმართ დაინტერესებაც არის. ალეგრის მუშაობის განახლება სამშობლოში სურს, თუმცა კარგად ესმის ის გარემოება, რომ სერია A-ს წამყვანი კლუბების მთავარი მწვრთნელის პოსტები ამ ეტაპზე ვაკანტური არ არის, სამაგიეროდ მას კარიერის განახლების შესაძლებლობა საზღვარგარეთ აქვს. “ლა სტამპა” წერს, რომ იტალიელი სპეციალისტის მომსახურებით “პარი სენ-ჟერმენი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” არიან დაინტერესებულნი. იმ შემთხვევაში, თუ “წითელი ეშმაკები” ჩემპიონთა ლიგის მომავალი სეზონის საგზურს ვერ მოიპოვებენ, ოლე გუნარ სულშერს დიდი ალბათობით კლუბიდან გაუშვებენ.
შეგახსენებთ, რომ მასიმილიანო ალეგრის სკუდეტო ექვსჯერ აქვს მოგებული (ერთხელ “მილანში” მუშაობის პერიოდში, ხუთჯერ – “იუვენტუსში”), ოთხჯერ კი იტალიის თასს დაეუფლა (“იუვენტუსი”).