ალექსი ახვლედიანი: “დადებული პირობა შევასრულეთ”
სასტუმრო “ჰოლიდეი ინში” ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის – “თბილისი 2015”-ის დასკვნითი პრესკონფერენცია გაიმართა. საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსი ახვლედიანმა ტურნირის ორგანიზება შეაფასა.
“იყო წვრილმანი ხარვეზები, მაგრამ ყველა მასშტაბურ ღონისძიებას თან სდევს და ეს დასაშვებია. ჩვენთან დაშვებული ხარვეზები დასაშვებს ქვემოთაც იყო. თუ სადმე ნათურა გადაიწვა, კი ბატონო, დაგიდასტურებთ, რომ მართლაც გადაიწვა.
მინდა, მივულოცო მთელ ქვეყანას. ეს იყო ჩვენს ქვეყანაში ჩატარებული ყველაზე მასშტაბური ღონისძიება. თქვენ ნახავთ 50 ქვეყნის დელეგაციის წარმომადგენელთა ემოციებს.
დადებული გვქონდა პირობა, რომ ეს იქნებოდა ერთ-ერთი საუკეთესო ფესტივალი და ჩვენ შევასრულეთ ეს პირობა, ეს შეფასება არ ეყრდნობა მხოლოდ ერთი ადამიანის შეხედულებას. ეს არის ჩვენი ერთობის შედეგი, როგორც ფესტივალის დასაწყისში აღვნიშნეთ.
18 თვეში აშენდა New Tbilisi-ს ობიექტები. ყველა ობიექტი მომზადებული შეხვდა ფესტივალს. სამწუხაროდ, ამის პირველი გამოცდა 13 ივნისი იყო, ამ სტიქიური მოვლენის დროს საჩოგბურთო კორტები, რომელიც ეპიცენტრში იყო, მცირედითაც არ დაზიანებულა. ჩვენ გაკეთებულის ნახევარიც რომ შეგვესრულებინა, მაინც ბედნიერი ვიქნებოდი. მადლობას ვუხდი ყველას: პატრიკ ჰიკის, იანეს კოციანიჩიჩს, ჯოზეფ ლიბას, ჩვენს მთავრობას, მოხალისეებს, თქვენ, ჟურნალისტებს. რომ არა თქვენი აქტიურობა, შეუძლებელი იქნებოდა იმ მესიჯის გაშვება, რისთვისააც წლების განმავლობაში ვმუშაობდით. როდესაც ყოფითი პრობლემების გამო პესიმიზმში ვარდებით, შეხედეთ ჩვენს ახალგაზრდებს, ოქროს განძი მოდის”, – განაცხადა ალექსი ახვლედიანმა.