ალექსანდრე ჩივაძე: „მიხარია ახალგაზრდა ფეხბურთელების ეროვნულ ნაკრებში დაწინაურება“
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შეკრებაზე გადასვლისთანავე, ნაკრების თავკაცმა – ალექსანდრე ჩივაძემ პრესკონფერენცია გამართა. მედიის წარმომადგენლებმა თავი სასტუმრო „ბომონდ გარდენში“ მოიყარეს, სადაც 21-წლამდელები იცხოვრებენ მომდევნო ორი დღის განმავლობაში.
ალექსანდრე ჩივაძე: „ჯგუფში ორი თამაში დაგვრჩა. ზეგ – ლუქსემბურგთან და სექტემბერში გასვლა ჰოლანდიასთან. სამწუხაროა, რომ დასანანი ქულები დავკარგეთ და ჯგუფიდან გასვლის შანსი ვერ შევინარჩუნეთ. ახლა, ჩვენი მიზანია მესამე ადგილზე დავრჩეთ. ამისთვის კი, დარჩენილ შეხვედრებში დადებითი შედეგების მოპოვებაა საჭირო.
რა თქმა უნდა, უპირველესად შედეგებზე და ჯგუფიდან გასვლაზე ვფიქრობდით, მაგრამ მთავარი მაინც ისაა, რომ ეროვნულ ნაკრებში ახალგაზრდა ფეხბურთელები დაწინაურდნენ. ჩვენ კი, ამ ჯერზე 1994 წელს დაბადებული ბევრი ფეხბურთელი გამოვიძახეთ, რომლებსაც საერთაშორისო დონეზე უკვე დიდი გამოცდილება აქვთ. ასე რომ, ჩვენს სიაში შეგიძლიათ 10 ასეთი მოთამაშე ნახოთ.
გამოვიძახეთ გიორგი ილურიძე, თუმცა ტრავმის გამო ჩამოსვლა ვერ შეძლო, მაგრამ ის ძალიან კარგი ფეხბურთელია და ვფიქრობ, ეროვნულ ნაკრებში თავის დამკვიდრება შეუძლია. ჩამოვა ნიკა ძალამიძე; ნაკრებშია ნიკა ტარყაშვილი, რომელიც სტაბილურად თამაშობს ბელგიის ჩემპიონატში. გვინდოდა 95-წლიანების – პაპუნაშვილის, ჯიქიას, ცინცაძის გამოძახებაც, მაგრამ ამ დღეებში ვასიკო მაისურაძის 19-წლამდელებს ორი ამხანაგური მატჩი აქვთ თურქეთში და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ეს ბიჭები ამხანაგურ თამაშებს ითამაშებენ, რადგან სულ მალე ელიტრაუნდი ელოდებათ“.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდული ნაკრები 5 მარტს, 14:00 საათზე, გორში, „თენგიზ ბურჯანაძის“ სახელობის სტადიონზე ევროშესარჩევის მატჩში ლუქსემბურგს უმასპინძლებს. მაყურებლებისთვის თამაშზე დასწრება უფასოა.
სფფ-ის პრესსამსახური