ალექსანდრე ჩივაძემ ლეგიონერებს ეროვნული ჩემპიონატი ამჯობინა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები საკმაოდ რთულ ჯგუფშია მოხვედრილი _ ესპანეთი, ხორვატია, შვედეთი, ესტონეთი და სან მარინო. როგორც ყოველთვის, ესპანელებს ახალგაზრდული ნაკრები ძლიერი ჰყავს, შვედეთი 2015 წლის ევროპის ჩემპიონია, ხორვატიის ნაკრებს მებრძოლი და საინტერესო გუნდი ჰყავს ახალ ფეხბურთელებით.
შესარჩევ ციკლში 9 ჯგუფია, რომელთა გამარჯვებულები ფინალურ ეტაპზე პირდაპირ მოხვდებიან. მათ მასპინძელი პოლონეთი დაემატება და დანარჩენ 2 ადგილს ჯგუფებში საუკეთესო შედეგის მქონე 4 ნაკრები პლეი-ოფში გაითამაშებს.
როგორც ხედავთ, ჯგუფიდან გასვლა საკმაოდ რთული საქმეა, მაგრამ ალექსანდრე ჩივაძეს ჯგუფიდან გასვლა ეიმედება. რისი იმედი აქვს ჩივაძეს?
ახალგაზრდული ნაკრების თავკაცმა 3 სექტემბერს ხორვატიაში გასამართი მატჩისთვის 20 ფეხბურთელი გამოიძახა, აქედან ერთის დათმობა ეროვნული ნაკრებისთვის მოუწია _ ოთარ კაკაბაძე. ამის გამო, ჩივაძეს ხელში მარჯვენა მცველი აღარ შერჩა და ვის დააყენებს მის პოზიციაზე ხორვატიის ნაკრებთან, უცნობია.
გარდა ამისა, ჩივაძემ აქცენტი ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებზე გააკეთა _ დარჩენილი 19 ფეხბურთელიდან მხოლოდ 5 ლეგიონერია. ბევრისთვის გასაკვირად, ჩივაძის გამოძახებულთა შორის ვერ მოხვდნენ ნორვეგიულ „სტაბეკში“ მობურთავე გიორგი გოროზია, „ბასტიას“ ფეხბურთელი ლუკა კიკაბიძე, ემპოლელი რომან ჭანტურია…
სამაგიეროდ, შემადგენლობაში არიან ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც ეროვნულ ჩემპიონატში ვერ ხვდებიან სასტარტო თერთმეტეულში.
ჩივაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ასე ჩათვალა საჭირო. ცხადია, ფეხბურთელების შერჩევა მწვრთნელის პრეროგატივაა, მაგრამ შედეგზე პასუხსაც მწვრთნელი აგებს.
ხორვატიაში ჩივაძემ შემდეგი ფეხბურთელები იახლა:
მეკარეები: ბექა ქურდაძე (საბურთალო), ოთო გოშაძე (ქასიმფაშა, თურქეთი);
მცველები: გიორგი გადრანი (ჩერნომორეცი, უკრაინა), გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), გიორგი თევზაძე (დინამო, თბ), ნიკა სანდოხაძე, დაჩი ცნობილაძე (ორივე სამტრედია), დავით უბილავა (ლოკომოტივი), ლაშა დვალი (დუისბურგი, გერმანია);
ნახევარმცველები: მათე ცინცაძე, ოთარ კიტეიშვილი (ორივე დინამო თბ), გიორგი ხარაიშვილი, გურამ გოშთელიანი (ორივე საბურთალო), ავთო ენდელაძე (სამტრედია), მათე კვირკვია (დილა), გიორგი აბურჯანია (ანორთოსისი, კვიპროსი);
თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა (ცხინვალი), გიორგი პაპუნაშვილი (ვერდერი, გერმანია), გიორგი ფანცულაია (საბურთალო);
დღემდე ჯგუფში სულ ორი მატჩია გამართული _ სან მარინომ ჯერ ჩვენებთან წააგო შინ 0:3, ხოლო ესტონეთში მოულოდნელად ფრედ, 0:0 ითამაშა.
3 სექტემბერს ხორვატია–საქართველოს გარდა გაიმართება შვედეთი–სან მარინო და ესპანეთი–ესტონეთი.
სატურნირო ცხრილი:
1.საქართველო 1 1 0 0 3:0 3
2.ესტონეთი 1 0 1 0 0:0 1
3.სან მარინო 2 0 1 1 0:3 1
4.ესპანეთი 0 0 0 0 0:0 0
5.ხორვატია 0 0 0 0 0:0 0
6.შვედეთი 0 0 0 0 0:0 0