ალექსის სანჩესს ლეგენდარულმა მორაგბემაც დასცინა (ფოტო)
ინგლისის პრემიერლიგის 28-ე ტურში ლონდონის “არსენალსა” და “ლესტერ სიტის” შორის გამართულ მატჩში (1:0) მომხდარი ფაქტის გამო “მეთოფეთა” თავდამსხმელი ალექსის სანჩესი სპორტული საზოგადოების წარმომადგენელთა დაცინვის ობიექტი გახდა.
აღნიშნული შეხვედრის ერთ-ერთ ეპიზოდში სტუმართა მცველ კრისტიან ფუქსს აუტის მოწოდებისას ხელს ალექსის სანჩესი უშლიდა. ავსტიელმა ფეხბურთელმა ბურთი პირდაპირ ჩილელ ფეხბურთელს გაარტყა. ალექსის სანჩესმა ბურთის მორტყმის შემდეგ ცოტა ხნით დაიცადა, შემდეგ კი მომაკვდავივით დაეცა ძირს. სიმულაციისთვის იგი ყვითელი ბარათით დასაჯეს, თუმცა გაფრთხილების გარეშე არც ფუქსი დარჩა. მატჩის შემდეგ ალექსის სანჩესმა სოციალური ქსელის მეშვეობით საზოგადოებას ამცნო, რომ მცირედით ტუჩი ჰქონდა გახეთქილი.
ჩილელი ფეხბურთელი ლეგენდარულმა ინგლისელმა მორაგბემ, “ლესტერ ტაიგერსის” ყოფილმა მეორეხაზელმა ბენ ქეიმ აიგდო მასხრად, რომელმაც სოციალურ ქსელში “ვუსტერის” წევრ ნიკ შონერტისა და ალექსის სანჩესის ტრავმის ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა.
“ამ ორმა სპორტსმენმა ტვიტერზე საკუთარი ტრავმის ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა. მათგან რომელმა დაიწყო სახეზე ხელაფარებულმა მინდორზე გორაობა?” – დაწერა ბენ ქეიმ.