ალესანდრე ჩივაძე: “აი, ამიტომ არ გავაგრძელე სამწვთნელო კარიერა”
ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ალექსანდრე ჩივაძემ “საფეხბურთო ტაიმ-აუტში ვლადიმერ გუცაევთან” ისაუბრა იმ მიზეზებზე, თუ რატომ არ გააგრძელა სამწვრთნელო კარიერა.
“პირველად საქართველოს ნაკრებით რომ გავედი შესარჩევში, არავინ გვეთამაშებოდა, მარტო აზერბაიჯანი გვეთამაშებოდა. ყველა ნორმალურ ნაკრებს 2 წლით ადრე ჰქონდა დაგეგმილი ამხანაგური მატჩები. აზერბაიჯანს ხან გურჯაანში ვხვდებოდით, ხან განჯაში, ხან ყვარელში. რაც არ უნდა თეორიულად ილაპარაკო, თუ შენ იმ გუნდს არ ეთამაშები, რომელიც საჭიროა, ძალიან რთულია. ნოდარ ახალკაცმა 1 კვირით ადრე მითხრა, ნიგერიის ნაკრებს უნდა ჩვენთან თამაშიო მსოფლიოს წინ. ისე გამიხარდა, დავთანხმდი, 1-2 თვეში უკვე შესარჩევის მატჩები მეწყობოდა. ნიგერიის ნაკრებს მაშინ 7-8 მსოფლიო დონის ფეხბურთელები ჰყავდა. ჩვენი მეკარე, ირაკლი ზოიძე კუთხურის ჩამოწოდებისას გამოვიდა და ხელით ბურთს ვერ შეწვდა და ამ დროს თავდამსხმელმა მკერდზე გაიჩერა. წარმოიდგინე, რამხელა განსხვავებაა”
“რისი თქმა მინდა, როცა ნაკრების მწვრთნელი ხარ, სულ ყოველთვის წარმატებას ითხოვენ შენგან. ჩვენი ნაკრები კი, 3 დღით მოდიოდნენ ბიჭები, ორი ლეგიონერი მყავდა, ქეცბაია და ცხადაძე, მაგრამ ბიჭებს რაც შეეძლოთ, ყველაფერი დადეს და საუკეთესო შედეგი გვაქვს ისტორიაში. 15 ქულა ავიღეთ და 2 ქულით გაგვასწრო ბულგარეთმა. მერე ინგლისთან რომ წავაგეთ, გაზეთებმა ისეთი რაღაცები დაწერეს, მეთქი ეს რა ხდება. ახლა ვსაუბრობ, თუ რატომ არ გავაგრძელე სამწრვთნელო კარიერა, ნაკრების დონეზე როცა ასეთ დონეს ითხოვენ, თუნდაც საქართველოს პირველობაზე რომელი გუნდი რომ ჩამებარებინა, თუ ევროპაზე არ გახვიდოდი, წარუმატებლობად ჩაგითვლიდნენ”, – განაცხადა ჩივაძემ.
ალექსანდრე ჩივაძე საქართველოს ნაკრებს 1993-97, 2001-03 წლებში წვრთნიდა. სწორედ მის დროს დავიკავეთ შესარჩევის ჯგუფში ყველაზე მაღალი, მე-3 ადგილი. გარდა ამისა, 2012-16 წლებში 21-წლამდე ნაკრებს ედგა სათავეში.