ალკოჰოლიკი სნეიდერი: “რეალში” ჩემი საუკეთესო მეგობარი არყის ბოთლი გახდა”
ნიდერლანდების ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა უესლი სნეიდერმა ავტობიოგრაფიული წიგნი გამოსცა, რომლის ერთ-ერთ თავშიც ჰყვება, რომ მადრიდის “რეალში” ყოფნის დროს ალკოჰოლზე დამოკიდებული გახდა.
“ახალგაზრდა ვიყავი, ყურადღებითა და წარმატებით სიამოვნებას ვიღებდი. დიდება მოვიპოვე, ბევრი თაყვანისმცემელი შევიძინე, მაგრამ შემდეგ ყველაფერი უკუღმა დატრიალდა. ნარკოტიკებს არ მოვიხმარდი, მაგრამ სმა დავიწყე.
მარტო დავრჩი, ჩემს შვილს თითქმის ვეღარ ვხედავდი. რატომ უნდა იყო მარტო, როდესაც თავისუფალი დროის გასატარებლად ბევრი ამხანაგი გყავს, თუმცა ვერც კი გავაანალიზე, რომ ჩემი საუკეთესო მეგობარი არყის ბოთლი გახდა. ამის მიუხედავად, ფეხბურთს ისევ კარგად ვთამაშობდი, მაგრამ თანაგუნდელები მეუბნებოდნენ, რომ უკეთაც შემეძლო.
“რეალში” ყოფნის ბოლო წელს სრულად მოვეშვი. სათამაშო დრო მრავლად მეძლეოდა, თუმცა სულ უფრო ნაკლებად ვთამაშობდი კარგად, ნაკლებად კონცენტრირებული გავხდი. ასეთი საქციელით “რეალს” აღარ შევეფერებოდი. ჩემ თავს ვატყუებდი, რომ ყველაფერი კარგად იყო და ჩემი საფეხბურთო ინტელექტის დახმარებით ყველაფერს თავს გავართმევდი. ფიზიკურადაც დავსუსტდი. ნაკლებს ვმოძრაობდი, ფონს ისევ ჩემი ტექნიკის დახმარებით გავდიოდი. პრობლემის მოგვარებას მხოლოდ მისი დამალვით ვცდილობდი”, – წერს სნეიდერი.
შეგახსენებთ, რომ უესლი სნეიდერი “რეალის” ღირსებას 2007-დან 2009 წლამდე იცავდა, რის შემდეგაც მილანის “ინტერში” გადავიდა, სადაც კარიერის საუკეთესო ნაწილი გაატარა: მოიგო იტალიის სერია A, ორჯერ ქვეყნის თასი, ქვეყნის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა და საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატი.