ალონსო პირლოს შემცვლელად, პირლო ჯერარდის შემცვლელად
“დეილი ექსპრესის” ცნობით, მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველმა ჩაბი ალონსომ შესაძლოა, კარიერა ტურინის “იუვენტუსში” გააგრძელოს.
წყაროს თანახმად, 33 წლის ბასკი ფეხბურთელი ტურინში შეიძლება იმ შემთხვევაში გადავიდეს, თუ ანდრეა პირლო “ბებერ სინიორას” დატოვებს. როგორც მოგეხსენებათ, იტალიელი ფეხბურთელით რამდენიმე ინგლისური გუნდია დაინტერესებული. კერძოდ, საუბარია პირლოს მიმართ “ლივერპულისა” და ლონდონის “ჩელსის” ინტერესზე.
“მეტრო” წერს, რომ მერსისაიდული გუნდის მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი პირლოს უკვე მოელაპარაკა და მას საკმაოდ სარფიანი წინადადებაც შესთავაზა. “წითლები” იტალიელ ნახევარმცველს სტივენ ჯერარდის შემცვლელად მოიაზრებენ. ეს უკანასკნელი მომავალი სეზონიდან “ლოს ანჯელეს გალაქსიში” ითამაშებს.