ალჟირელი ძიუდოისტი ოლიმპიადაზე აღარ გამოვა – მიზეზი ებრაელთან შესაძლო შეხვედრაა
22 ივლისს, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოს ტურნირის წილისყრა გაიმართა და გაირკვა, ვის შეხვდებიან სპორტსმენები პირველ რაუნდში და როგორი იქნება მათი ბადე მომდევნო ეტაპებისათვის.
ებრაულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ალჟირელი ძიუდოისტი ფეთჰი ნურინი ოლიმპიადიდან მოეხსნა, რისი მიზეზიც ისრაელის ნაკრების წევრ ტოჰარ ბუტბულთან შესაძლო შეხვედრაა.
ეს სპორტსმენები -73კგ წონით კატეგორიაში გამოდიან. ნურინი პირველ რაუნდში სუდანელ მოჰამედ აბდალრასულს უნდა დაპირისპირებოდა და გამარჯვების შემთხვევაში, მეორე რაუნდში ებრაელ ბუტბულთან მოუწევდა შეხვედრა. ებრაული მედიის ცნობით, სწორედ ამ მიზეზის გამო ალჟირელი ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობას აღარ მიიღებს.
“წილისყრაში არ გაგვიმართლა. შესაძლო მეტოქე ებრაელია და ამიტომ მოგვიწევს, რომ ტატამიზე არ გამოვიდეთ. ეს სწორი გადაწყვეტილება იქნება”, – განაცხადა ნურინის მწვრთნელმა ამარ ბენ იაკლიფმა ალჟირულ პრესასთან საუბრისას.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა არაბული ქვეყნების წარმომადგენელ სპორტსმენებს ებრაელებთან შეხვედრისას პრობლემები ექმნებათ. 2019 წელს ნურინს მონაწილეობა უნდა მიეღო მსოფლიო ჩემპიონატზე, თუმცა ის ამ ტურნირიდანაც იმ მიზეზით ჩაეხსნა, რომ შესაძლებელი იყო ებრაელ ბუტბულს შეხვედროდა.
2016 წლის რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ებრაელმა ძიუდოისტმა ორ სასონმა ეგვპიტელი ისლამ ელ შაჰაბი დაამარცხა. ორთაბრძოლის დასრულების შემდეგ, ეგვიპტელმა სპორტსმენმა ებრაელს ხელი არ ჩამოართვა.
რამდენიმე თვის წინ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ირანის ძიუდოს ფედერაციას 4-წლიანი დისკვალიფიკაცია იმის გამო მისცა, რომ ისინი საკუთარ სპორტსმენებს ებრაელ მეტოქეებთან შეხვედრის ჩატარებას უკრძალავდნენ.
ებრაელ მეტოქესთან შეხვედრა ეკრძალებოდა ირანელ მსოფლიოს ჩემპიონ საიდ მოლაეის. სწორედ ამიტომ, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 29 წლის სპორტსმენს უფლება მისცა მონღოლეთის მოქალაქეობა მიეღო და ამ ქვეყნის ნაკრების რიგებში ეასპარეზა.
შეგახსენებთ, რომ ტოკიოს ოლიმპიადაზე ძიუდოს ტურნირი 24 ივლისს დაიწყება. -73კგ წონით კატეგორიის სპორტსმენები 25 ივლისს იასპარეზებენ. ამ წონაში გამოვა საქართველოს ნაკრების წევრი ლაშა შავდათუაშვილი.