ამერიკის შეერთებული შტატები 0-2 კოლუმბია: სამხრეთელებმა გამარჯვებით დაიწყეს
• დღეს, ამერიკის შეერთებულ შტატებში სტარტი აიღო კოპა ამერიკის საიუბილეო, რიგით 45-ე გათამაშებამ.
• კოპა ამერიკა ისტორიაში პირველად იმართება სამხრეთ ამერიკის ფარგლებს გარეთ.
ტურნირის პირველი მატჩი კალიფორნიაში გაიმართა, სადაც ადგილობრივებს კოლუმბიის ეროვნული ნაკრები დაუპირისპირდა. ორივე გუნდი ა ჯგუფში არკვევენ ურთიერთობებს.
იურგენ კლინსმანის გუნდი საბრძოლო თერთმეტეულით თმაშობდა, ისევე როგორც ბოლივიასთან მოგებული მატჩის (4-0) მეორე ნახევარში. გუნდს მაიკლ ბრედლი კაპიტნობდა, მასთან ერთად კი გუნდის ლიდერის ფუნქციებს კლინტ დემფსი, ბრედ გუზანი და ფაბიან ჯონსონი ინაწილებდნენ.
რაც შეეხება კოლუმბიელებს, მათ ბოლო მოსამზადებელი მატჩი ჰაიტის წინააღმდეგ ჩაატარეს (3-1), რის შემდეგაც გუნდის შემადგენლობას მსხვილი კალიბრის ფეხბურთელები დაემატნენ – ხამეს როდრიგესი და ედუინ კარდონა.
“ლევის სტადიონზე” აშშ-ს გულშემატკივრები საკმაოდ აქტიურად ქომაგობდნენ საკუთარ ნაკრებს, მაგრამ კოლუმბიელებმა მატჩის დაწყებიდან მე-8 წუთზევე მოახერხეს მათი გაჩუმება – ედუინ კარდონას კუთხურს კრისტიან საპატა გამოეხმაურა, რომელმაც ფეხით ზუსტი გასროლა განახორციელა და პირველი გოლიც გაიტანა ნაკრების მაისურით.
გოლის გაშვების შემდეგ აშშ-ს გუნდი კარგა ხანს ფლობდა ბურთს, თუმცა დავიდ ოსპინაზე დიდი წნეხი ნამდვილად არ ყოფილა, თუ არ ჩავთვლით დემფსის გასროლას 30-ე წუთზე, რაც მასპინძელთა ერთადერთი საგოლე მომენტი იყო.
პირველი ტაიმის დასრულებამდე 4 წუთით ადრე მასპინძელთა სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა – დეანდე იედლინს ბურთი ხელზე მოხვდა, რაც რობერტო გარსიამ მაშინვე შეამჩნია და პენალტიც დანიშნა. 11-მეტრიანი მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა, ხამეს როდრიგესმა გოლად გარდასახა და ნაკრების მაისურით მე-15 გოლიც გაიტანა.
მართალია, მეორე ტაიმი უფრო სანახაობრივი გამოდგა, თუმცა ვერცერთმა ამერიკულმა გუნდმა ვერ მოახერხა გოლის გატანა.
ამერიკის შეერთებული შტატები: გუზანი – იედლინი, ქემერონი, ბრუკსი, ფაბიან ჯონსონი – ბედოია (ზუსი 86′), ბრედლი, ჯონსი (ნაგბე 66′) – ზარდესი, დემფსი, ვუდი (პულიშიჩი 66′).
კოლუმბია: ოსპინა – არიასი, საპატა, მურილო, დიასი – პერესი (სანჩესი 86′), დანიელ ტორესი – კუადრადო, როდრიგესი (გელისი 73′), კარდონა – ბაკა (მორენო 88′).