ამხანაგური მატჩი “საბურთალოსთან”
2014 წლის 9 ოქტომბერს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა”, რომელიც ეროვნული ჩემპიონატის მორიგი მატჩებისათვის ემზადება, ამხანაგური შეხვედრა გამართა. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გამართულ სპარინგ-მატჩში ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი პირველი ლიგის წარმომადგენელს, თბილისის ”საბურთალოს” დაუპირისპირდა.
დღევანდელი მატჩის დაწყებას წინ წუთიერი დუმილი უძღოდა – გუნდებმა და სტადიონზე მყოფმა 100-მდე გულშემატკივარმა წუთიერი დუმილით პატივი ლანჩხუთის საფეხბურთო კლუბ “გურიას” ტრაგიკულად დაღუპული ფეხბურთელის ნიკა კილაძის ხსოვნას მიაგეს…
მარგველთა დამრიგებელმა გია გეგუჩაძემ თავის გუნდი ორი შემადგენლობით ათამაშა. შესვენებისას და შეხვედრის მეორე ნახევრის მსვლელობისას “ზესტაფონის” რიგებში ერთბაშად 11 ცვლილება განხორციელდა. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ საქმეს გარკვეული დანაკლისის გარეშე არ ჩაუვლია – ტრავმების გამო თავის გუნდს კახა მეშველიანი, ლაშა გვალია და გურამ სამუშია ვერ ეხმარებოდნენ.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ოპტიმალური შემადგენლობით არც სტუმრებს უასპარეზიათ – საქართველოს ცხრამეტწლამდელთა ნაკრებში მიწვეული 4 საბურთალოელის (გაგი მარგველაშვილი, გრიგოლ ჩაბრაძე, გიორგი ხარაიშვილი და ბექა ქურდაძე) გარდა, ტრავმების გამო თბილისურ გუნდს კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი დააკლდა…
ქვეყნის ორგზის ჩემპიონმა მარგველებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: კუპატაძე (პავლოვიჩი, 64), თედორე გრიგალაშვილი (ვაჭარაძე, 64), ფერეირა (გაგოშიძე, 64), ხიდეშელი (რობაქიძე, 64), ენდელაძე (თორნიკე გრიგალაშვილი, 64), ჯაფარიძე (ჭანკოტაძე, 46), შარიქაძე (ჭანტურიშვილი, 46), სარდალიშვილი (მაკარიძე, 64), ფანცულაია (კანდელაკი, 64), ილურიძე (კაპანაძე, 64), დვალი (მიქელთაძე, 64).
თავის მხრივ, საბურთალოელთა დამრიგებელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა თავის გუნდი შემდეგი შემადგენლობით ათამაშა: ჩოჩიშვილი (სანიკიძე, 60), იაშვილი (ბოლაშვილი, 60), ბულუხაძე (რუხაძე, 20), ბედიევი, ჭოხონელიძე (კაპანაძე, 62), მამუჩიშვილი (ჭოხონელიძე, 80), გოშთელიანი (ალთუნაშვილი, 46), ხორხელი (ჩოგაძე, 46), რეხვიაშვილი (გვარაძე, 62), ბარამიძე (ფხაკაძე, 46), ბლიაძე (ბულუხაძე, 60),
შეხვედრა უმაღლესლიგელთა უდიდესი უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ დიდი ანგარიშით 9-1 დასრულდა. უშუალოდ შეხვედრის მიმდინარეობაზე დეტალური საუბრით თავს აღარ შეგაწყენთ. გეტყვით მხოლოდ იმას, რომ ქვეყნის ვიცე-ჩემპიონთა რიგებში გატანილი გოლებით თავი ჯაბა დვალმა (ორჯერ), ბექა ჯაფარიძემ, გიორგი ფანცულაიამ, თორნიკე კაპანაძემ, ბექა მიქელთაძემ, თორნიკე გრიგალაშვილმა და ვახტანგ ჭანტურიშვილმა (ორჯერ) გამოიჩინეს, სტუმართაგან კი პრესტიჟის გოლი გიორგი ფხაკაძემ გაიტანა.
FCZestafoni.Ge