ამხანაგური თამაში გულშემატკივრებთან
დღეს ქუთაისის „ტორპედოს“ საწვრთნელ ბაზაზე ამხანაგური თამაში გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს ჩვენი კლუბის ადმინისტრაციისა და სამწვრთნელო შტაბისგან დაკომპლექტებული გუნდი და ქომაგთა კლუბ „ჯუნგლების“ გუნდი შეხვდა. მატჩში მონაწილება მიიღეს „ტორპედოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ბატონმა ზურაბ ჩაკვეტაძემ და მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დარასელიამაც.
კლუბის წევრთა სრული შემადგენლობა კი ასეთი იყო:
გელა კიკალეიშვილი, მიხეილ მახვილაძე, დევიზ ჯურხაძე(შმაგი შოთაძე), ვლადიმერ ჭყონია, თამაზ ოდიკაძე, ბონდო გოცირიძე, გიორგი დარასელია, რევაზ კვერნაძე, ზურაბ ჩაკვეტაძე, მიხეილ აშვეთია, ზურაბ იონანიძე.
მიუხედავად მისი შინაარსისა, შეხვედრის ორივე ტაიმი საკმაოდ საინტერესო გამოდგა. თუ თამაშის პირველ ნახევარში „ჯუნგლები“ ტოლს არ უდებდნენ მეტოქეს, მეორე ნახევარში ტორპედოელთა ოსტატობამ იჩინა თავი და მატჩიც მათი გამარჯვებით, ანგარიშით 4:3 დასრულდა. ჰეთ-თრიქი შეასრულა საქართველოს ნაკრების ვეტერანმა ფეხბურთელმა მიხეილ აშვეთიამ, რომელიც ამიერიდან ჭაბუკთა ლიგაში მოასპარეზე „ტორპედოს“ 15-წლამდე გუნდის მთავარი მწვრთნელი იქნება. რაც შეეხება რევაზ კვერნაძეს, იგი 17-წლამდე გუნდის მთავარ მწვრთნელად იმუშავებს. განსაკუთრებით ლამაზი აშვეთიას მესამე გოლი გამოვიდა, როცა მან რამდენიმე მეურვეს აუარა გვერდი და ტექნიკურად დაარტყა. სხვათა შორის, ყოფილი თავდამსხმელისთვის „ტორპედოში“ გატანილი გოლები უცხო ნამდვილად არაა, რამეთუ მას ოფიციალურ მატჩებში ქუთაისელთა კლუბის მაისურით 78-ჯერ აუღია მეტოქეთა კარი. დღევანდელ მატჩში ერთი გოლი საქართველოს ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირმა, ზურაბ იონანიძემ გაიტანა, რომელიც აშვეთიასა და კვერნაძეს „ტორპედოს“ ასაკობრივი გუნდების გაწვრთნაში დაეხმარება.
მსგავსი ხასიათის ღონისძიებების ჩატარებას კლუბი მომავალშიც გეგმავს.
FCTorpedo.GE