“ან ლაშასთან ერთად წავალ ან აღარ ვიქნები მთავარი მწვრთნელი”
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტთა ნაკრების გამოსვლის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
ქევხიშვილმა განსაკუთარებულად აღნიშნა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ლაშა გუჯეჯიანის როლი წარმატებაში, რომელიც ოლიმპიურ ჩემპიონ ბექაურს ენდო.
“მინდა თითოეულ სპორტსმენს, თითოეულ მონაწილეს, მწვრთნელებს მივულოცო ეს წარმატებული გამოსვლა. მინდა, მივულოცო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო მომზადების პროცესში. რა თქმა უნდა, მადლობას ვუხდი გულშემატკივრებს.
მინდა, განსაკუთრებით აღვნიშნო ექიმების წვლილი ლაშა ბექაურის ჯანმრთელად ყოფნის ნაწილში. მინდა ხაზი გავუსვა მთავარი მწვრთნელის, ლაშა გუჯეჯიანის დამსახურებას. როგორც ვიცით, ლაშამ მსოფლიო ჩემპიონატზე ძალიან სერიოზული ტრავმა მიიღო და იქ იყო ისეთი მომენტი, როცა ფაქტობრივად, ყველამ ჩაიქნია ხელი. მიუხედავად ექიმების გულმოდგინე მუშაობისა, იქაც იყო მომენტი, როცა მათ თქვეს, რომ ვერ იღებდნენ პასუხისმგებლობას ოლიმპიურ თამაშებზე ბექაურის სრულყოფილ გამოსვლაზე. მაშინ ლაშა გუჯეჯიანმა თქვა – ან წავალ ლაშასთან ერთად ან აღარ ვიქნები მთავარი მწვრთნელი. ეს იყო უდიდესი ნდობა, რომელიც მან ამ პატარა ბიჭს გამოუცხადა. დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში ჩვენ კიდევ უფრო დიდ შედეგებს მივაღწევთ”, – განაცხადა ქევხიშვილმა.