ანალიზი: გია ჭიაბრიშვილი – საქართველოს ნაკრების მომავალი მთავარი მწვრთნელი
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 2016 წლიდან უცხოელი სლოვაკი სპეციალისტი ვლადიმერ ვაისი წვრთნის, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში ზუსტად ვერ ჩამოყალიბდა, რა ფეხბურთი ათამაშოს ნაკრებს, შეიძლება ითქვას არ გააჩნია გამართული საფეხბურთო ხედვა და არც დიდი სურვილი, წყურვილი და შემართება ეტყობა, თუნდაც პრესკონფერენციებზე, რომ საქართველოს ნაკრების გაწვრთნით ბედნიერია.
ვლადიმერ ვაისის შემცვლელად ბოლო პერიოდში ორი ქართველი მწვრთნელი სახელდება, რომლებიც უცხოეთში მუშაობენ. ორივე მათგანს, კახა ცხადაძეს და შოთა არველაძეს ფედერაციის ახლანდელ ხელმძღვანელობასთან დალხენილი ურთიერთობა ნამდვილად არ აქვთ და მაგალითად, შოთას ჯერ ნაკრების გაწვრთნა არც სურს.
პოლიტიკაში, ისევე როგორც ფეხბურთში, არ გვყავდა მესამე და რეალური ძალა, რომელიც საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელობის კანდიდატი იქნებოდა და ფეხბურთში ის გამოჩნდა და ეს გიორგი ჭიაბრიშვილია.
როცა ჭიაბრიშვილს უყურებ, მისი სამწვრთნელო კარიერიდან გამომდინარე, უბრალოდ ხედავ ჭკვიან ადამიანს, რომელსაც ხედვა და ანალიზის უნარი გააჩნია. ის მეტოქეს ბოლომდე სწავლობს და ამის დასტურად “კრაიოვა” და მოსკოვის “დინამოც” საკმარისია. ორივე გუნდი “ლოკომოტივზე” გაცილებით ძლიერია, მაგრამ “ჭიამ” უპოვა მათ სუსტი წერტილები, ზუსტად შეისწავლა მათი ძლიერი მხარეები და ის თამაში დაუპირისპირა, რამაც გამარჯვება მოუტანა მის გუნდს.
გრძელვადიანი გეგმა და სწორი ხედვა
“შევისწავლე რა სპორტული მეცნიერება, დავასკვენი – მირჩევნია წავაგო შეხვედრა და შევიცნო ამის მიზეზები, ვიდრე მოვიგო და წარმოდგენა არ მქონდეს, რატომ მოხდა ასე. მოკლევადიან პერსპექტივაში გაურკვეველ გამარჯვებას კარგი გემო აქვს, თუმცა გრძელვადიანში სხვა რაღაცეებია მნიშვნელოვანი” – ციტირებს “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელის, იურგენ კლოპის სიტყვებს საფეხბურთო Facebook გვერდი “ხმელი ფოთოლი”.
“ეს ის თამაშია, რის შემდეგ დასკვნების გაკეთება შეგვიძლია. ეს წაგება ახლა გვჭირდებოდა, რადგან ვიმუშავოთ ჩვენ სისუსტეებზე და გამოვასწოროთ იგი. თავის მართლებას არ ვაპირებ – რომ ასე არ უნდა გვეთამაშა. ეს ჩვენთვის გაკვეთილი უნდა იყოს შევხედავთ, რა არის საჭირო და რა უნდა შევცვალოთ”, – განაცხადა გიორგი ჭიაბრიშვილმა “ლოკომოტივში” მისი დებიუტის შემდეგ, როცა ბათუმის “დინამოსთან” 1-4 დამარცხდა.
მას შემდეგ ჭიაბრიშვილის გუნდმა მომდევნო სამ მატჩში მხოლოდ 2 ქულა აიღო, მაგრამ შემდეგ გათამაშების ლიდერი “დილა” და აუტსაიდერი “ჩიხურა” დაამარცხა, “სამტრედიაში” სტუმრად ფრე გააგორა და ევროპა ლიგაზე “კრაიოვას” და მოსკოვის “დინამოს” მოუგო. ის არ მიდის გუნდში მოკლევადიანი და მარტივი ვიზიტებით, მას უბრალოდ სიამოვნებს ფეხბურთის სწორი თამაში, აანალიზებს თითოეულ მომენტს და ისეთი დასკვნა გამოაქვს, რომელსაც გუნდის განვითარება მოჰყვება. მარტივი კომპრომისი და ევროთასების წინ 10 უცხოელი/ახალი ფეხბურთელის ჩამოყვანა წარმატებას მაქსიმუმ 1 სეზონით მოგიტანს, თუმცა საქართველოში ასეც არ ხდება.
გულშემატკივრის სტადიონზე აკრძალვამ მაყურებელს ფეხბურთელების და მწვრთნელების კომუნიკაციის მოსმენის საშუალება მისცა. მართალია, თბილისური გუნდების მატჩებს გულშემატკივრის დიდი რაოდენობა ისედაც არ ესწრება, მაგრამ ბევრ რამეს განსაკუთრებით მაშინ ამჩნევ, როცა კრძალავენ. ჟურნალისტებმა მოსკოვის “დინამოსთან” მე-12 გულშემატკივრობა ვიტვირთეთ, ეს ჩვენი მოქალაქეობრივი ვალდებულებაც იყო რუსების წინააღმდეგ და მთელი თამაშის განმავლობაში, ალბათ, მოკრავდით ყურს ჟურნალისტი მაგდა კლდიაშვილის “გამაზეს”, რომელიც მოსკოვის “დინამოს” თითოეულ დარტყმას აჩრდილით დაყვებოდა და ჰაერში მიმართულებას უცვლიდა. მედიის მხარდაჭერაზე ჭიაბრიშვილმა შეხვედრის შემდეგაც ისაუბრა და ჟურნალისტებს მადლობა გადაუხადა.
რა ეზარება და სძულს ქართველ გულშემატკივარს ყველაზე მეტად? მეკარისთვის ბურთის დაბრუნება და 1 ბურთის გატანის შემდეგ 11 კაცით დაცვაში ჩადგომა. გინდა-არ გინდა, შენზე ძლიერ მეტოქესთან გატანის შემდეგ ბუნებრივად დაცვაზე ფიქრობ და “ლოკოც” ასე მოიქცა, მაგრამ ჭიაბრიშვილის პირველივე შეძახილი ასეთი იყო: “ნუ ჯდებით დაცვაში, აიწიეთ, ძალიან ადრეა, ასე ვერ გავძლებთ. ბურთი დაიჭირეთ”.
ევროპული რისკიანი ფეხბურთი მოკლე პასებით
“ლოკომოტივმა” ბურთის ამოტანისას ბევრჯერ გვანერვიულა, მაგრამ გუნდის ყველაზე სახიფათო შეტევები სწორედ ასეთი ამოტანისას იქმნებოდა. სანამ 2-0 არ გახდა, ფეხბურთელები საჯარიმოდან ბურთს არ იგერიებდნენ და მოკლე პასებით ცდილობდნენ შეტევაში გადასვლას. ზუსტად ამ სტილით ათამაშა ჭიაბრიშვილმა 18 ივლისს “საბურთალოს” წინააღმდეგ “ლოკომოტივი”, როცა ყოფილ გუნდს პირველ დაუპირისპირდა და მაშინ ამის გამო ბევრმა გააკრიტიკა. “ლოკო” ძალიან ბევრჯერ გადარჩა, მაგრამ არცერთი გარდამტეხი, რადიკალური ცვლილება არ მოდის უმტკივნეულოდ და ჭიაბრიშვილს სჯერა, იცის და გამოდის ევროპული ფეხბურთი. მისი ეს საინტერესო და რისკიანი გადაწყვეტილება ახალგაზრდა “რკინიგზელებით” დაკომპლექტებული გუნდით 60-მილიონიან “დინამოსთან” ნაყოფიერად გამოვლინდა.
მწვრთნელი, როგორც საუკეთესო ფსიქოლოგი
“სანერვიულო არაფერი გვაქვს, ესპანელები უფრო ინერვიულებენ”
“ლოკომოტივი” ახალგაზრდა ფეხბურთელებით დაკომპლექტებულია და ეს კლუბის განვითარების არჩეული მოდელია, რომელსაც ჭიაბრიშვილის მოსვლამდეც მისდევდნენ, თუმცა მსგავსი განვითარების მოდელს ჭიამ საფუძველი “საბურთალოსთან” ერთად ჩაუყარა.
“ლოკომოტივი”, ჩემი ინფორმაციით, ერთ-ერთი პირველი გუნდია, რომელმაც სამწვრთნელო შტაბში ფსიქოლოგი დაამატა და თითოეულ ფეხბურთელს რეაბილიტაციაში ეხმარებოდა. ჭია გამორჩეულია, როგორც ფსიქოლოგი მწვრთნელიც.
“ხვალ წნეხის გარეშე ვითამაშებთ. დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ გუნდის თითოეული წევრი და ყოველდღიურად ვმუშაობთ, რომ ჩვენი თამაშის ხარისხი ავამაღლოთ”, – განაცხადა მწვრთნელმა “კრაიოვასთან” მატჩის წინ. ხოლო, მოსკოვის “დინამოს” წინ თითქმის იგივე ფორმულირების განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ფეხბურთელებთან მუშაობს, რათა ეს დიდი და ზედმეტი წნეხი რაც მათ დააწვა, მაქსიმალურად მოუხსნას.
ფეხბურთი ფიზიკურ მდგომარეობაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური მდგომარებაა და თუ პატარა რაზმს ფსიქოლოგიურად ისე მოამზადებ და გაამხნევებ, როგორც ამას, საუკეთესო ლიდერები ახერხებენ, ისინი მთებს და დათვებს გადადგამენ. ფეხბურთი უამრავი კომპონენტისგან შედგება და ეს მხოლოდ წინ და უკან სირბილი და კარის მისადგომიდან დარტყმა არ არის.
ადამიანი მიზნით და ანალიზით
გიორგი ის მწვრთნელია, რომელიც პრესკონფერენციებზე ჟურნალისტების ყველა შეკითხვას ბოლომდე და ამომწურავად სცემს პასუხს, ხსნის, იმას, რისი ახსნაც საჭიროა, კითხვებს თავს არ არიდებს, ზუსტად ხაზავს გუნდის მიზანს და უბრალოდ, ადამიანური ურთიერთობა გამოსდის.
ჭიაბრიშვილი არც პანდემიის დროს არ გაჩერებულა და როგორც თვითონ აღნიშნავს, ცდილობდა ფორმაში ყოფილიყო. 40 წლის ასაკში მას უკვე 3 გამორჩეულ ქართულ გუნდში უთამაშია და თავისი კვალი დაუტოვებია და ტოვებს.
ფეხბურთის გულწრფელი სიყვარული
პირველ რიგში, ჯერ ადამიანი ხარ, შემდეგ მწვრთნელი თუ ფეხბურთელი. თუ რეალური წარმატების მიღწევა გინდა, გიყვარს შენი საქმე და სწორედ უმუშევრობისას იღლები, რადგან შენ საყვარელ საქმეს მოწყვეტილი ხარ, გინდა განვითარება სწორი და გრძელვადიანი ხედვებით, მაშინ შენ უბრალოდ იცი შენი საქმე, ბედნიერებას განიჭებს, გწყურია დიდი და უდიდესი სიამოვნების მომგვრელი გამარჯვებები და თუ უბრალოდ, ფეხბურთი გიყვარს, სტაბილური, გაწონასწორებული, პასუხისმგებლიანი და საინტერესო ადამიანი ხარ, მალე დრო მოვა საქართველოს ნაკრების გაწვრთნის. ! ასეთი ადამიანი მგონი და დანამდვილებით უკვე ნაპოვნია…
ფოტოები: გიორგი არჯევანიძის (George Arjevanidze) და თბილისის “ლოკომოტივის” (Fc Locomotive)