ანალიზი: უნდა დარჩეს კოუტინიო “ლივერპულში”?
მერსესაიდული “ლივერპულის” ბრაზილიელი ლიდერის, ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერზე მუშაობას კვლავ განაგრძობს კატალონიური “ბარსელონა”. ბოლო ცნობების მიხედვით, “ლურჯ-ბროწეულისფრებმა” “წითლებს” 72 მილიონი ფუნტი შესთავაზეს, მაგრამ უარი მიიღეს.
როგორც იცით, სატრანსფერო ბაზარზე “ლივერპულის” აქტივობას თავად იურგენ კლოპი აკონტროლებს, მას კი ნამდვილად არ სურს გუნდის ერთ-ერთი ლიდერის დაკარგვა. მართალია, ყველა ფეხბურთელს აქვს თავისი ფასი, მაგრამ სანამ კატალონიელები 89 მილიონ ფუნტზე (პოგბას ფასი) მეტის გადახდას არ დათანხმდებიან, კლოპმა ზარს არც კი უნდა უპასუხოს – თუ რა თქმა უნდა, მომავალ სეზონში რომელიმე ტიტულზე მაინც აქვს პრეტენზია.
მას არ ვყიდით, ის ფასდაუდებელია – მსგავს ფრაზებს ძალიან ბევრი კლუბი იყენებს, რათა მეორე მხარეს ფსონების აწევა აიძულოს, მაგრამ ძალიან საეჭვოა, რომ იურგენ კლოპი ამ ტაქტიკას იყენებდნენ.
ეს ზაფხული იურგენს გუნდის სრულყოფისთვის სჭირდება და არა გადაწყობისთვის.
მერსესაიდულმა კლუბმა წარსულის შეცდომები აღარ უნდა გაიმეოროს და მომავალს იმედის თვალით შეხედოს – გუნდს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი წვრთნის, სპონსორები 100 მილიონი აქვთ გამოყოფილი ტრანსფერებისთვის და მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზეც ითამაშებენ. ერთი სიტყვით, “წითლებს” ყველაფერი აქვთ წარმატებისთვის და წაბორძიკება აღარ ეპატიებათ.
ჩემპიონთა ლიგა… ბოლოს “ენფილდმა” მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირს 2014/15 წლების სეზონში უმასპინძლა. ალბათ ყველას ძალიან კარგად გახსოვთ, თუ როგორ ფეხბურთს აჩვენებდნენ ბრენდან როჯერსის ბიჭები 2013/14 წლების სეზონში, წინ კი ჩემპიონთა ლიგა ელოდათ. მაგრამ “ლივერპულელებმა” გულშემატკივრებს იმედები კიდევ ერთხელ გაუცრუვეს (ფეხბურთელებზე მეტად მფლობელებმა).
საქმე ისაა, რომ ბრწყინვალე სეზონს საშინელი სატრანსფერო ფანჯარა მოჰყვა. ინგლისელებმა გუნდიდან ლიდერი, ლუის სუარესი “არსელონაში” გაუშვეს და სანაცვლოდ ისეთი ფეხბურთელები მოიყვანეს, როგორებიც ლაზარ მარკოვიჩი, მარიო ბალოტელი და რიკი ლამბერტი არიან.
იმ სატრანსფერო ფანჯარას მხოლოდ ორი დადებითი მხარე ჰქონდა. საუბარია ადამ ლალანასა და ემრე ჯანის ტრანსფერებზე, რომლებიც დღესაც ღირსეულად იცავენ “ენფილდს”.
ჩემპიონთა ლიგაზე მათი გასეირნება მალევე, ჯგუფურ ეტაპზე დასრულდა.
თითქმის იგივენაირად განვითარდა მოვლენები ბოლოს, როდესაც “წითლებმა” ევროპულ სარბიელზე იასპარეზეს. მაშინ, 2009 წლის ზაფხულში რაფა ბენიტესმა ჩაბი ალონსო მადრიდის “რეალში” გაუშვა, თავად კი ესპანელი ნახევარმცველი ვერ ჩაანაცვლა და კვლავ ჯგუფში ჩარჩა.
იმ ზაფხულს რაფას გუნდში ალბერტო აკილანი, გლენ ჯონსონი და სოტირიოს კირგიაკოსი ჩაირიცხნენ. შედეგიც შესაბამისი იყო.
აღსანიშნავია, რომ ეს “ლივერპულელთა” მესამე მცდელობაა უმაღლეს ლიგაში დამკვიდრების და იმედია იღბლიანი გამოდგება. წარმატებისკენ მიმავალი პირველი ნაბიჯი კი კოუტინიოს შენარჩუნებაა მანამ, სანამ “ბარსელონა” ისეთ წინადადებას არ გაუკეთებს “ენფილდელებს”, რომელზეც უარს ვერ იტყვიან.
თუმცა, ფანები ღრუბლებში ფრენას უნდა მოეშვან და რეალობას გაუსწორონ თვალი. ის ფაქტი, რომ “გიჟი პარიზელები” მზად არიან 190 მილიონი ფუნტი გადაიხადონ ნეიმარის ტრანსფერში სულაც არ ნიშნავს იმას, რომ “ბარსელონა” 130 მილიონს გაიღებს კოუტინიოსთვის.
კონტრასტისთვის შეგახსენებთ, რომ ნეიმარს “ბარსელონასთან” უძლიერესი კონტრაქტი აქვს, ბრაზილიის “ოქროს ბიჭუნაა” და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტსმენი. მოკლედ რომ ვთქვათ, მის შესაძლებლობებში ეჭვი არავის ეპარება.
რაც შეეხება კოუტინიოს, მას ჯერ კიდევ ვერ ვუწოდებთ შემდგარ ფეხბურთელს, ის ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია. მართალია, კოუტინიოს კონტრაქტში გამოსასყიდ ფასად 100 მილიონი ფუნტი არაა ხსენებული, მაგრამ იურგენს დაახლოებით ამდენი უნდა უღირდეს ფილიპე.
ერთი ნაბიჯი წინ, ორი – უკან
ბოლო დროს, პრემიერ ლიგამ ევროპის სხვა ჩემპიონატებთან საკმაოდ დიდი ჰანდიკაპი შექმნა. ჩემპიონატი გაცილებით უფრო კონკურენტუნარიანი გახდა, “დიდი ოთხეული” “დიდ ექვსეულამდე” გაიზარდა და ეს განსაზღვრებაც ბრაზს იწვევს “ევერტონის” გულშემატკივრებში. გათამაშებაში კი ჩემპიონთა ლიგის მხოლოდ ოთხი ბილეთია, რაზეც ყოველწლიურად წუწუნებენ ინგლისელები.
გასულ სეზონში “არსენალი” მეხუთე ადგილზე გავიდა, “მანჩესტერ იუნაიტედი” კი მეექვსე ადგილზე. მხოლოდ ეს ფაქტიც კი კმარა იმის აღსანიშნავად თუ რაოდენ რთულია ინგლისის პრემიერ ლიგა. ათი წლის წინ მსგავსი რამ რომ გეთქვათ, ხალხი გიჟად შეგრაცხავდათ და პირისპირ დაგიწყებდნენ დაცინვას, თანაც საკმაოდ ხმამაღლად.
ოთხეულში მოხვედრა, რაც “ლივერპულმა” უკვე მოახერხა, ერთია, მაგრამ მეორეა ადგილის შენარჩუნება უმაღლეს საფეხურზე. ამისთვის კი ყველაფერი უნდა გააკეთო და საკუთარ თავსაც უნდა აჯობო.
ეს ზაფხული კი განსაკუთრებულად გიჟურია. კლუბებს ფული თავზე საყრელად აქვთ და მნიშვნელოვან ცვლილებებსაც ახორციელებეც. “მანჩესტერ იუნაიტედის” მაგალითი რომ ავიღოთ, “ლივერპულის” მოსისხლე მტერმა 75 მილიონ ფუნტად ლუკაკუ დაიმატა და ახლა 40 მილიონიანი ივან პერიშიჩის ტრანსფერზე მუშაობს. ეს კი იმიტომ, რომ გასულ სეზონში ჟოზეს გუნდის შეტევითი პოტენციალი დიდად არ ხიბლავდა.
“არსენალმა” კი როგორც იქნა, დაამხო პირადი სატრანსფერო რეკორდი და გუნდში ალექსანდრე ლაკაზეტი მოიყვანა. ის ნამდვილი გოლეადორია და ალექსის სანჩესთან და მესუთ იოზილთან ერთად ნამდვილი საოცრებების შექმნა შეუძლია.
“ჩელსიმ” 70 მილიონი ფუნტი დახარჯა ალვარო მორატას ტრანსფერში, დაცვის ხაზი კი კონტემ რუდიგერის ტრანსფერით გააძლიერა. პეპ გვარდიოლამ გუნდში ისეთი ფეხბურთელები მოიყვანა, როგორებიც არიან ედერსონი, ბერნარდო სილვა, კაილი უოკერი და ბენჟამინ მენდი.
როგორც ვხედავთ, პრემიერ ლიგაში მოთამაშე ყველა გრანდი მნიშვნელოვნად გაძლიერდა. მართალია “სპურსმა” კაილი უოკერი დაკარგა, მაგრამ ეს მათ დიდად არ დახევს უკან. შედარებისთვის, “ლივერპულიდან” კოუტინიოს წასვლა იგივეა, რაც “ტოტენჰემი” ჰარი კეინმა ან დელე ალიმ დატოვოს.
“ლივერპულმა” წინა ხაზის გასაძლიერებლად გუნდში მუჰამედ სალაჰი მოიყვანა. ჯეიმს მილნერისთვის კონკურენციის გასაწევად კი იურგენმა ენდრიუ რობერტსონი დაიმატა, რითიც კიდევ ერთხელ გამოხატა უნდობლობა ალბერტო მორენოს მიმართ.
შეიძლება, “წითლებმა” ნაბი კეიტა, ან ვან დეიკი დაიმატონ, მაგრამ ვერცერთი სხვა ტრანსფერი ვერ შეავსებს კოუტინიოს წასვლით გაჩენილ სიცარიელეს – მისი მაგია ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო, რის გამოც “ენფილდელებმა” ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება შეძლეს.
იურგენმა გუნდი ბრაზილიელი ჯადოქრის გარშემო უნდა ააგოს და ამით ყველას დაუმტკიცოს, რომ მაღალი მიზნებისთვის აპირებს ბრძოლას.