ანანიძე: „აი, ასეთი არასწორი ქართველი ვარ“
მოსკოვის „სპარტაკი“ სეზონის გაზაფხულის ნაწილისთვის მზადებას შეუდგა. რუსული კლუბი ამჟამად შეკრებას აბუ-დაბიში გადის. ალენიჩევის ფეხბურთელთა შორის საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ჯანო ანანიძეცაა, რომელიც ჯერ კიდევ სექტემბერში მიღებული ტრავმის შემდეგ მკურნალობს და ამჟამად ისევ ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს. აბუ-დაბიში ჯანომ „სპარტაკის“ ოფიციალურ ვებგვერდს თავისი ზამთრის არდადეგებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ უამბო.
– თავს როგორ გრძნობ?
– კარგად. მგონია, ყველაფერი ცუდი უკვე გასულ წელს დარჩა. ყოველ შემთხვევაში, ფეხის ტკივილი აღარ მაწუხებს.
– დასვენებისას აღდგენით კურსს აგრძელებდი?
– დიახ, თბილისში. საქართველოს ნაკრების ბაზაზე ამაში ეროვნული გუნდის ექიმი დამეხმარა. ახალ წელს ბაკურიანში შევხვდი, სადაც ბევრი თოვლია
– ბაკურიანში ცნობილი ტრამპლინი იყო, საიდანაც თავისი სარეკორდო ნახტომებით ცნობილი კობა ცაკაძე გამოირჩა…
– ამ დიდებული სპორტსმენის შესახებ მსმელია. ბაკურიანის ტრამპლინიც მინახავს. თუმცა, სავარაუდოდ, ეს უკვე ახალი ტრამპლინია.
– სამწუხაროა, რომ ვერ სრიალებდი
– საერთოდ, პროფესიონალ ფეხბურთელებს დასვენებისას სხვა სპორტის სახეობებით დაკავება, რბილად რომ ვთქვათ, ეკრძალებათ. მითუმეტეს, ჩემს მდგომარეობაში.
– როგორ ხვდებიან პროფესიონალები ახალ წელს?
-სადღესასწაულო განწყობით. რა თქმა უნდა, ამ დღესასწაულს ოჯახისა და მეგობრების წრეში ვატარებთ. მართალია, მათთან შედარებით, მხოლოდ წვენისა და ლიმონათის დალევა შეგვიძლია. სიმართლე რომ გითხრათ, ალკოჰოლს საერთოდ ვერ ვიტან. აი, ასეთი არასწორი ქართველი ვარ (იღიმის). ასე რომ, ჩემგან თამადა, ალბათ, ვერ გამოვა.
– როდის იმედოვნებ თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშს?
– იმედია, მათ მარბელაში შემდეგ შეკრებაზე შევუერთდები. ყველაფერი ექიმების სიტყვაზე იქნება დამოკიდებული. სასიკეთო ცვლილებები სახეზეა. ოპერაციამდე სირბილიც კი მიჭირდა. დღეს კი, მაგალითად, სხვადასხვა მოძრაობა გამომდის. ამავდროულად თავს კომფორტულად ვგრძნობ.