ანანიძე: “სპორტი და პოლიტიკა უნდა გაიმიჯნოს, შენგელია კარიერაზე ფიქრობს”
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველი ჯანო ანანიძე რუსულ გამოცემა Sport24-ს თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერთან დაკავშირებით ესაუბრა.
“შენგელიას მხარს ვუჭერ. მის ცსკა-ში ტრანსფერს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ეს კალათბურთელის კარიერაა, ის გადავიდა ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში, რათა ევროლიგა მოიგოს და არმიის კლუბში კვალი დატოვოს. აქ პოლიტიკა არაფერ შუაშია. შენგელია კარიერაზე ფიქრობს, მაგრამ ცსკა-ში დიდი ფულის გამო არ გადასულა. მისთვის, პირველ რიგში ტიტულების მოგებაა მნიშნველოვანი, ასევე, მან უნდა დაამტკიცოს, რომ ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელია.
რუსეთში ბევრი წელი გავატარე, ვითამაშე მოსკოვის “სპარტაკში”, ქვეყნის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდში. გარდა იმისა, რომ ტიტულების მოგება მსურდა, ჩემი ერთ-ერთი ამოცანა საქართველოს დროშის აფრიალება იყო და ამას ყველა შესაძლებლობაზე ვაკეთებდი. დარწმუნებული ვარ, შენგელია ცსკა-შიც იგივეს გააკეთებს.
ვიცით, რომ საქართველოში ბევრი რუსი ტურისტი ჩამოდის, მაგრამ პოლიტიკაზე არავინ საუბრობს. სპორტი და პოლიტიკა გამიჯნული უნდა იყოს. ამიტომაცაა გაუგებარი ჩემთვის ამ ტრანსფერზე ასეთი გამოხმაურება. შენგელია კალათბურთელია, ფიქრობს კარიერაზე და იმაზე, რომ უმაღლეს მწვერვალებს მიაღწიოს.
მას ცსკა-ში წარმატებებს, გამარჯვებებსა და ტიტულების მოგებას ვუსურვებ”, – განაცხადა ანანიძემ.
შეგახსენებთ, რომ შენგელიამ ცსკა-სთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.