ანანიძეს ზამთარში „სპარტაკში“ დაბრუნება არ სურს
„როსტოვში“ იჯარის წესით მოთამაშე ჯანო ანანიძემ კლუბის პრესსამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მთავარი მწვრთნელისგან ნდობას გრძნობს. გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვის „სპარტაკს“ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ქართველი ფეხბურთელის დაბრუნება სურს, თუმცა თავად ანანიძეს უნდა, რომ სეზონის ბოლომდე „როსტოვში“ იასპარეზოს.
„პირველ ორ ტურში სასტარტო განაცხადში არ ვყოფილვარ, შეცვლებზე შემოვდიოდი, თუმცა შემდეგ რეგულარულად თამაში დავიწყე. ვხედავ, რომ მიოდრაგ ბოჟოვიჩი („როსტოვის“ თავკაცი) მენდობა და ეს ძალას მმატებს. ახლა ყველაზე მთავარი სათამაშო პრაქტიკაა. გუნდში კარგი ატმოსფეროა, საქმეები კარგად მიმდის, ამიტომ ზამთარში „სპარტაკში“ დაბრუნებას არ ვისურვებდი.
„სპარტაკის“ ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ იანვარში მათ შეკრებაზე უნდა გავყვე, თუმცა ვთხოვ, რომ არ დამაბრუნონ. მინდა, რომ „როსტოვში“ სრული სეზონი გავატარო, სასურველ ფორმაში ჩავდგე, საჭირო გამოცდილება შევიძინო და ზაფხულში მოსკოვს ჩემს ძალებში დარწმუნებული დავუბრუნდე. ამის შემდეგ გადაწყდება ჩემი მომავალი, მოქმედი კონტრაქტი 2015 წელს მეწურება“, – განაცხადა ჯანო ანანიძემ.
ბექა დოგრაშვილი