ანანიძის გამოჯანმრთელებას თებერვლის ბოლოს ვარაუდობენ
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის “სპარტაკის” ნახევარმცველი ჯანო ანანიძე სარეაბილიტაციო პროცესს განაგრძობს. რუსული კლუბის სამედიცინო შტაბის პროგნოზით, ქართველი ფეხბურთელი სრულად თებერვლის ბოლოს გამოჯანმრთელდება.
შეგახსენებთ, რომ “სპარტაკის” ნახევარმცველი გასული წლის სექტემბრიდან ლაზარეთშია. ის რუსეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში მახაჩყალის “ანჟის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში დაშავდა და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. ქართველმა ფეხბურთელმა მინდორი მატჩის 36-ე წუთზე დამოუკიდებლად, მაგრამ აცრემლებულმა დატოვა.
ჯანო ანანიძემ 12 ოქტომბერს მარცხენა ტერფზე ოპერაცია გაიკეთა. სამედიცინო პროცედურა რომში ჩატარდა და ის ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ქირურგიული ჩარევის შემდეგ ფეხბურთელს გრძელვადიანი აღდგენითი პროცესის გავლა უწევს.
“სპარტაკის” შეკრებაზე ჯანო ანანიძე ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშებს.