ანჩელოტი: “ატლეტიკოსა” და “ბარსელონაში” არასდროს ვიმუშავებ”
მიუნხენის “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მადრიდის “ატლეტიკოსთან” გასამართ დაპირისპირებაზე ისაუბრა.
“ჩემს გუნდებსა და “ატლეტიკოს” შორის გამართული ყველა მატჩი მძიმე გამოვიდა და ახლაც ასე იქნება. იმედი მაქვს, რომ “ვისენტე კალდერონზე” გავიმარჯვებთ, ეს ვერც “ჩელსიში” და ვერც “რეალში” მუშაობის პერიოდში ვერ მოვახერხე.
“ბაიერნი” “ატლეტიკოს” გასული სეზონიდან კარგად იცნობს, ფეხბურთელებს ის მატჩები არ დაუვიწყებიათ. ჩავიბარებ თუ არა ოდესმე “ატლეტიკოს”? არა, “ატლეტიკოსა” და “ბარსელონაში” არასდროს ვიმუშავებ. ამ კლუბებს დიდ პატივს ვცემ, თუმცა “რეალში” ორწელიწადნახევარი გავატარე და ასეთ ნაბიჯს არ გადავდგამ”, – ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს Football Italia.
“ატლეტიკოსა” და “ბაიერნს” შორის პირველი მატჩი 28 სექტემბერს, მადრიდში გაიმართება.