ანჩელოტი დღეს “მილანის” წარმომადგენლებს შეხვდება
ავტორიტეტული იტალიური გამოცემა “ლა გაძეტა დელო სპორტი” იუწყება, რომ მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი დღეს საღამოს “მილანის” წარმომადგენლებს შეხვდება.
პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იტალიელი სპეციალისტი მიმდინარე სეზონის ბოლოს “სამეფო კლუბს” დატოვებს. დღევანდელ შეხვედრას “მილანის” მრჩეველი ერნესტო ბრონცეტიც უნდა დაესწროს, რომელიც “რეალთან” ანჩელოტის კონტრაქტის გაწყვეტაზე მოლაპარაკებას აწარმოებს. თუ შრომითი ხელშეკრულება ვადაზე ადრე გაწყდება, მადრიდულ კლუბს იტალიელი სპეციალისტის სასარგებლოდ 3,5 მილიონი ევროს გადახდა დაეკისრება. შეგახსენებთ, რომ ანჩელოტის “რეალთან” მოქმედი კონტრაქტი 2016 წლის 30 ივნისს ეწურება.
“მილანი” კარლო ანჩელოტის ოთხწლიან შრომით ხელშეკრულებას სთავაზობს.
შეგახსენებთ, რომ ფეხბურთის იტალიელი სპეციალისტი “როსონერის” 2001-დან 2009 წლამდე თავკაცობდა. ამ დროის განმავლობაში მან ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგის თასი.