ანჩელოტი: „იდეალური მატჩი ჩავატარეთ“
უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე მიუნხენის „ბაიერნსა“ და მადრიდის „რეალს“ შორის გამართული მატჩი „სამეფო კლუბის“ დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 4:0 დასრულდა. ამრიგად, ფინალში მონაწილე ერთი გუნდის ვინაობა გაირკვა.
მატჩი მადრიდული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ შეაფასა.
„დღეს იდეალური მატჩი ჩავატარეთ. ჩემი გუნდი ყოველდღიურად მაკვირვებს. პირველ ტაიმში ფანტასტიურად ვითამაშეთ. სტანდარტული სიტუაციების დროს განსაკუთრებით მარჯვედ ვმოქმედებდით, რადგან ვიცოდით, რომ მეტოქეს ასეთ დროს პრობლემები შეექმნებოდა.
მიუნხენში „ბაიერნის“ წინააღმდეგ კარგი სტატისტიკა მაქვს, მაგრამ ახლა ყველაზე მთავარი ისაა, რომ 12 წლის შემდეგ „რეალი“ კვლავ ფინალშია.
გადამწყვეტ მატჩში თამაშის უფლების მოპოვება ჩვენი მთავარი მიზანი იყო. ეს არ ყოფილა ადვილი გასაკეთებელი, მაგრამ ამოცანას თავი კარგად გავართვით. ტურნირზე ერთადერთი ცუდი მატჩში ჩავატარეთ, როდესაც დორტმუნდის „ბორუსიას“ გასვლაზე ვეთამაშეთ“, – ანჩელოტის სიტყვები ესპანურმა გამოცემა „მარკამ“ გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი 24 მაისს, ლისაბონში მდებარე სტადიონ „ეშტადიუ და ლუჟზე“ გაიმართება.
ბექა დოგრაშვილი