ანჩელოტი იზოლაციაში — პასტა, ველოსიპედი და “ქაღალდის სახლი”
“ევერტონის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ იმის შესახებ ისაუბრა, თუ რითი არის დაკავებული თვითიზოლაციის პირობებში.
“სასეირნოდ კროსბიში (ქალაქი ლივერპულის მახლობლად) მივდივარ. თუ ველოსიპედით სეირნობა მინდა, ფორმბის (ქალაქი მერსისაიდის საგრაფოში) მივაშურებ ხოლმე. იქ ფანტასტიური, ძალიან გრძელი პლაჟია და დისტანციის დაცვა შესაძლებელია. დიდ სიამოვნებას ვიღებ. გულშემატკივრებსაც ვხვდები ხოლმე, რა თქმა უნდა, დისტანციის დაცვით. ასეთი რამ იტალიაში ჯერჯერობით არ არის დაშვებული. მიყვარს ჩემი ველოსიპედის ხმა.
სამზარეულოში ტრიალი მომწონს. კერძების მომზადებას დიდ დროს ვუთმობ. ეს ჩემი ერთ-ერთი გატაცებაა. ყველაზე მეტად პასტა მიყვარს. შემიძლია პასტა ბოლონეზეს, პასტა სოკოთი და პასტა კარბონარას მომზადება. ვფიქრობ, რომ ეს საქმე კარგად გამომდის, თუმცა პასტა საკუთრივ ჩემი ინტერპრეტაციით ჯერ არ მომიმზადებია. ეს მომდევნო ნაბიჯი იქნება.
საღამოობით სატელევიზიო სერიალებს ვუყურებ ხოლმე. “ქაღალდის სახლი” ფანტასტიური სერიალია, ახლა მეოთხე სეზონი გადის. დიდი სიამოვნება მივიღე “რეი დონოვანის” ცქერით. არის კიდევ რამდენიმე კარგი სერიალი: “როცა ისინი დაგვინახავენ” არის სერიალი ხუთ ბიჭზე, რომლებსაც დააკავებენ ნიუ იორკში და მოვლენები საინტერესოდ განვითარდება. “არაორთოდოქსი” მოკლე, მაგრამ კარგი ეპიზოდებისგან შედგება.
ვარჯიში მიყვარს. როდესაც მუშაობა მიწევს, ვარჯიშისთვის დრო აღარ მრჩება და მუხლები ამტკივდება ხოლმე. ახლა კი ვსარგებლობ სიტუაციით და დროს ვარჯიშსაც ვუთმობ”, – თქვა ანჩელოტიმ “ევერტონის” ოფიციალური ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში.