ანჩელოტი ჯერარდს “მილანში” უხმობდა
მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “ლივერპულის” წინააღმდეგ გასამართ მატჩამდე მერსისაიდული გუნდის ლიდერ სტივენ ჯერარდთან დაკავშირებული ერთი ისტორია გაიხსენა. თურმე, იტალიელი სპეციალისტი “მილანის” თავკაცის პოსტზე მუშაობის პერიოდში ჯერარდის გადაბირებას ცდილობდა.
“ჯერარდი ლიდერია. ის დიდებულ ფეხბურთელია, “ლივერპულის” ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა. ჯერარდი მერსისაიდელი პაოლო მალდინია.
ის ერთ-ერთი ფეხბურთელია, ვის ყოლასაც ვისურვებდი ჩემს გუნდში. “მილანში” მუშაობის პერიოდში მის მოწვევაზე ბევრი მიფიქრია, თუმცა ამ ტრანსფერის განხორციელება შეუძლებელი იყო, რადგან ჯერარდი “ლივერპულთან” მჭიდროდ არის დაკავშირებული. მაშინ ჩვენ მას დავუკავშირდით, თუმცა მისი დარწმუნება შეუძლებელი აღმოჩნდა.
არ მახსოვს, ეს რომელ წელს იყო, თუმცა მის გადმობირებას ნამდვილად ვცდლობდით. მინდოდა, რომ მოედნის ცენტრში სტივენ ჯერარდი და ანდრეა პირლო შემეწყვილებინა. ეს ფანტასტიური დუეტი იქნებოდა”, – ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს “სქაი სპორტსი”.
ცნობისათვის, “ლივერპულსა” და “რეალს” შორის მატჩი 22 ოქტომბერს გაიმართება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.