ანჩელოტი: “როცა კახა კალაძის ძმის გარდაცვალების ამბავი გავრცელდა, გვეგონა, რომ…”
“ნაპოლის” მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი ნეაპოლში ალესანდრო ალსიატოს წიგნის, “დემონების” პრეზენტაციას დაესწრო. ლეგენდარულმა მწვრთნელმა განვლილ წლებზე, მის საფეხბურთო ფილოსოფიაზე და იმ თემებზე ისაუბრა, რაც გასახდელში ხდებოდა.
ანჩელოტიმ კახა კალაძის ძმის, ლევან კალაძის გარდაცვალების ამბავი გაიხსენა და “მილანის” ყოფილ მცველს ღირსეული პიროვნება უწოდა.
“კალაძის ისტორია განსაკუთრებულია. ჩვენ დავინახეთ, რომ ის ძალიან ღირსეული პიროვნება იყო. პროფესიონალური თვალსაზრისით, კალაძე სრულყოფილი გახლდათ. როცა მისი ძმის გარდაცვალების ამბავი გავრცელდა, ჩემპიონთა ლიგაზე “ბაიერნის” წინააღმდეგ გასამართი მნიშნელოვანი მატჩისათვის ვემზადებოდით. გვეგონა, რომ კახა გათავისუფლებას გვთხოვდა, მაგრამ მან ჩვენთან დარჩენა და თამაში არჩია”, – ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს Tuttosport.com
ანჩელოტი კახა კალაძესთან ერთად “მილანში” 2001-2009 მუშაობდა.