ანჩელოტი შესაძლოა, “მილანში” დაბრუნდეს
მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი არ გამორიცხავს, რომ მომავალში “მილანში” დაბრუნდეს. გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთის იტალიელი სპეციალისტი მიმდინარე სეზონის ბოლოს “სამეფო კლუბის” დატოვებას აპირებს.
“შესაძლოა თუ არა, რომ ოდესმე “მილანში” დავბრუნდე? რა თქმა უნდა, შესაძლებელია. ეს ერთადერთი კლუბია, რომელშიც შეიძლება დავბრუნდე.
ამ დროისთვის იტალიის ნაკრების თავკაცის პოსტზე საკუთარ თავს ვერ ვხედავ. მომწონს, რასაც დღეს ვაკეთებ. მე ყოველდღიური სამუშაო მიყვარს”, – ანჩელოტის სიტყვები ესპანურმა გამოცემა AS-მა გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, რომ კარლო ანჩელოტი “მილანს” 2001-დან 2009 წლამდე ხელმძღვანელობდა. ამ დროის განმავლობაში მან გუნდთან ერთად ერთხელ იტალიის ჩემპიონატი, ერთხელ ქვეყნის თასი, ერთხელ იტალიის სუპერთასი, ორჯერ ჩემპიონთა ლიგა, ორჯერ უეფას სუპერთასი და ერთხელ საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო.